ოთხი მოსამართლის სანქცირების დროს კონკრეტული არგუმენტები არ მოგვისმენია. სავსებით სამართლიანია საზოგადოების სურვილი, იცოდეს, რას ეფუძნება ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, მეგობარი სახელმწიფო გადაწყვეტილების მიღებისას რას და რატომ დაეყრდნო.
„აუცილებელია მტკიცებულებებით საუბარი, რადგან მაღალი სტანდარტის მტკიცებულება განაპირობებს სამართლიან მიდგომას. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, თუნდაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა რატომ მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა სანქცირების თაობაზე ასეთი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. არსებული კითხვები სავსებით სამართლიანია. დამატებითი კითხვები როცა ჩნდება, ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება სამართლიანობის ტესტს ვერ აკმაყოფილებს. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლეები 50-ზე მეტ საქმეზე გაასამართლა, მათ შორის იყო კორუფციის საკითხები, სასამართლოს მიტაცება და ბევრი უმძიმესი დანაშაული. სამწუხაროდ, ამ სისტემის შემოქმედებზე მერაბიშვილ-სააკაშვილ-კეზერაშვილზე მსგავსი მიდგომა ვერ ვნახეთ, რაც დამყარებული იქნებოდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
საგამოძიებო კომისიის ვერც შექმნაში და ვერც არშექმნაში ვერ ვხედავ პრობლემას, თუ დღის წესრიგში დადგებოდა საკითხი, როგორ მოხდა სააკაშვილისა და ადეიშვილის მხრიდან სასამართლოს გაუქმება და პროფესია ადვოკატის გაუქმება, როგორ მოქმედებდა დანაშაულებრივი სისტემა სააკაშვილის შემოქმედებით “, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.