შეიქმნება თუ არა სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზების შესწავლისთვის საგამოძიებო კომისია - ხელისუფლების ოპონენტები მიმართავენ პრეზიდენტს, ორშაბათს მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, რათა კენჭი უყარონ საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ უკვე რეგისტრირებულ ინიციატივას.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის მიერ დასანქცირებული მოსამართლეების გადადგომა ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია.
"ცხადია, განცხადება უნდა გაეკეთებინა ქართულ ოცნებას, რომ უნდა გადადგნენ დასანქცირებული მოსამართლეები და დაეწყო პროკურატურას გამოძიება. გამოძიების პირობებში, ვფიქრობ, რომ ალბათ შესაძლებლობები, მათ შორის მტკიცებულებების გაზიარების, იარსებებს. მე არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები. იმედი მაქვს, რომ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, მაგრამ ასევე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამ მოსამართლეების გადადგომა დღეს არის იმპერატიულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრს, თინა ბოკუჩავას იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი გაიზიარებს საკითხის მნიშვნელობას და მოიწვევს რიგ გარეშე სხდომას.
"განსაკუთრებით კონსტიტუციურად საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტს აქვს მნიშნელოვანი უფლებამოსილება, რომ ამგვარი საგამოძიებო ფუნქცია საგამოძიებო კომისიის სახით გამოიყენოს. ამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ რიგ გარეშე სხდომის მოწვევა და იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი გაიზიარებს საკითხის მნიშვნელობას და მოიწვევს რიგ გარეშე სხდომას. რა თქმა უნდა, ქართლ ოცნებას აქვს შესაძლებლობა, რომ კვორუმი არ შედგეს და სხდომა ჩავარდეს, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რასაც ვამბობთ, რომ მათ თანამშრომლობის ნაცვლად ამერიკელ პარტნიორებთან სურთ დაპირისპირება," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა სერიოზული ბერკეტია და ის საშუალებას იძლევა, ოფიციალურად იქნას გამოძიებული არსებული ეჭვები.
"ერთადერთი შანსი, რომ ოფიციალურად გამოვიძიოთ რა ხდება და როგორ ხდება, არის საგამოძიებო კომისია პარლამენტში. საგამოძიებო კომისია ძალიან სერიოზული ბერკეტია. თუ ის მართლა შედგება, ბევრი ეჭვი, რომელიც ეჭვის დონეზეა, ან ჭორის დონეზეა, შემდეგ იქცევა ფაქტად. როცა დაკითხვა 100-200 ადამიანს, სხვადასხვა მოსამართლეს, სხვადასხვა ბიუროკრატებს ან პროცესში მონაწილე ადამიანებს, იქ შეუძლებელია სიმართლე არ გამოჩნდეს," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.