ოპოზიციის წარმომადგენლების მოთხოვნას, რომ დაინიშნოს რიგგარეშე სესია და საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები, უმრავლესობაში ეხმაურებიან. მმართველი გუნდი ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას არ იზიარებს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ.
"მე ვერც შექმნაში ვერ ვხედავ პრობლემას, ვერც არ შექმნაში, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დღის წესრიგში დადგებოდა ის საკითხები, თავის დროზე სააკაშვილისა და ადეიშვილის მხრიდან, როგორ მოხდა საქართველოში სასამართლოს გაუქმება, როგორ მოხდა პროფესია ადვოკატის გაუქმება და ის დანაშაულებრივი სისტემა როგორ და რანაირად მუშაობდა მიხეილ სააკაშვილის და ადეიშვილის შემოქმედებით. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ისინი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ და ყველაზე ამორალური რაც არის, ადამიანის უფლებებზეც კი ორმაგი სტანდარტებით საუბრობენ და მოქმედებენ. შესაბამისად, მათ სიტყვას, განსაკუთრებით მართლმსაჯულების დროს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის დროს, ჩვენი საზოგადოებისთვის არ აქვს ფასი," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისია პარლამენტში არ უნდა შეიქმნას და საკითხები უნდა განიხილებოდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
"ამგვარი კომისია, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტში არ უნდა შეიქმნას. არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლის უფლებამოსილება, მათ შორის მოსამართლეთა დევნის მიმართულებით არის მკაცრად განსაზღვრული, საქართველოს კონსტიტუციით მათ შორის და შესაბამისი კანონმდებლობით. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს საკითხები უნდა განიხილებოდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მეორე, აქ არის საკმაოდ მყიფე, უხილავი ზღვარი, რომელიც შეიძლება საკანონმდებლო ხელისუფლებამ გადალახოს, მკვეთრად შეიჭრეს სასამართლო ხელისუფლების ფუნქციებში, ამითი ხელყოს სასამართლო ხელისუფლების უფლებამოსილებები და ტოტალურად გააკონტროლოს სასამართლო ხელისუფლება," - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.