საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ეს როლი ყოველდღიურად კიდევ უფრო იზრდება - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ილჰამ ალიევის თქმით, ეს მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა ქვეყნებს შორის გადამწყვეტია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის.
"ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენი შეხვედრა ხშირია. ექვსი თვის წინ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვიმყოფებოდი მცხეთაში და დღეს თქვენ გაბალის რეგიონში ბრძანდებით. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა. საოცარი, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის საშუალება გვეძლევა როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში. ეს აძლიერებს ჩვენს მეგობრობას. საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებული. ბევრი წელია, მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი, მოსახლეობა ერთმანეთს ძმებად მოიჩნევენ და გვინდა, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალს წაადგეს“, – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრაზე ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრეს, რომელიც საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას, სამომავლო საქმიანობა განახორციელონ.
"საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპის და ეს როლი კიდევ უფრო იზრდება ყოველდღიურად. ეს მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ყოველწლიურად, ჩვენ ვზრდით ბუნებრივი აირის მიწოდების მასშტაბს და მოცულობებს ევროპისკენ. წელს აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, 24.5 მლრდ ტონა მიაწოდოს საერთაშორისო ბაზრებს. ეს მაჩვენებელი იზრდება და ჩვენი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან გასულ წელს, ამ მემორანდუმის თანახმად, 2027 წლისთვის ჩვენ მივაწვდით ევროპას 20 მილიარდზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს. ეს არის ჩვენი სამიზნე, ორიენტირი და იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ," - განაცხადა ილჰამ ალიევმა.