შეუშლის თუ არა ხელს საქართველოს ევროპულ მომავალს აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება იმ ფონზე, როცა საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესშია, - ამ შეკითხვით ჟურნალისტებმა საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართეს.
დეგნანის თქმით, "ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი საქართველოსთვის, რადგან ეს არის შესაძლებლობა მოხდეს რეაგირება სასამართლო სისტემაში კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე."
"რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, [შეუშლის თუ არა ხელს აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში], ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, რადგან ეს არის შესაძლებლობა მოხდეს რეაგირება სასამართლო სისტემაში კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე, ეს არის შესაძლებლობა მოხდეს დემონსტრირება, რომ მთავრობა ერთგულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
გასულ კვირაში, ვაშინგტონში, დემოკრატიის სამიტზე საქართველომ პირობა დადო, რომ იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ, პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობს და დაიცავს მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და კანონის უზენაესობას, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ასე რომ, იმედი გვაქვს, საქართველო გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ექნება რეაგირება კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე და გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს იმისთვის, რომ შექმნას, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა," - განაცხადა კელი დეგნანმა.