პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „გულაგების სისტემა“ ჩამოაყალიბა და პატიმარ სააკაშვილის დანაშაულებზე არასდროს ამოუღია ხმა არავის, ნაცვლად ამისა, დაასანქცირეს მოსამართლეები, რომლებიც გაურკვეველი ნიშნით შეირჩნენ და ამით გაურკვევლობა შემოიტანეს საზოგადოებაში.
"2012 წლამდე ის „გულაგების სისტემა“, რომელიც ჩამოაყალიბა მიხეილ სააკაშვილმა და სამწუხაროდ დღესაც სარგებლობს მფარველობით სხვადასხვა ქვეყანაში, ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანის დანაშაულებზე ვინმეს ხმა ან თავის დროზე ამოეღო, ან შემდეგ ეთქვა, ან ახლა თუნდაც სანქციები დაეწესებინა, ხდება მისი მფარველობა კვლავ და კვლავ. [მოსამართლეების სანქცირებით] აბსოლუტური გაურკვევლობა იქნა შემოტანილი ქართულ საზოგადოებრივ დისკუსიაში. არის რამდენიმე მოსამართლე რაღაც გაურკვეველი ნიშნით შერჩეული, მათ შორის ყოფილი მოსამართლე, რომელიც ექვსი წელია სისტემაში არ არის. საუბარია რაღაცაზე, მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის და რაზეა საუბარი ვერავინ ხვდება. ერთადერთი არის, რომ [გვითხრეს] - ეს არის ბრალდება, იცხოვრეთ ამ ბრალდებით. რაც მთავარია, საქმე ეხება მოსამართლეებს, საქმე ეხება ჩვენს მოქალაქეებს ხომ? ასევე საქმე ეხება ჩვენს სასამართლო სისტემას. ეს თავისთავად არის ერთის მხრივ პერსონალური შეტევა მოსამართლეებზე და მეორეს მხრივ, ქართული სასამართლოსთვის დისკრედიტაციული ზიანის მიყენების მცდელობა," - განაცხადა პაპუაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.