იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი კორუფციის ბრალდებაზე საუბრობს. მოსამართლემ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე სანქცირებულთა სიაში შევიდნენ.
გვრიტიშვილის განცხადებით, მსგავსი მძიმე ბრალდების შემთხვევაში უნდა გაასაჯაროვონ მტკიცებულებები.
"რეალური მიზეზი, ჩვენი აზრით, არის ორი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ მოსწონს. ანუ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვთქვათ, საკადრო გადაწყვეტილებებს არ უთანხმებს ქალბატონ დეგნანს. მეორე მიმართულება არის, როდესაც მოსამართლეები იხილავენ რაიმე საქმეს, იმ საქმეზე რა შედეგი უნდა დადგეს.
როდესაც მოქმედი მოსამართლე ამბობს, რომ მასზე განხორციელდა ზეწოლა, ასახელებს დროს, ვითარებას, ასახელებს პირს, რომელმაც მასზე ზეწოლა განახორციელა და ეს რჩება პრაქტიკულად, რეაგირების გარეშე და უბრალოდ ამბობს ელჩი, რომ მოსამართლე იტყუება, ეს არ არის სანდო ინფორმაცია? ვინაიდან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მარტო არ უნდა დავრჩეთ ამ საფრთხის წინაშე, ეს უბრალო საფრთხე აღარ არის.
ჩვენ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერია და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელია, რომელიც უპირველესად არის პასუხისმგებელი ქვეყანაში მართლწესრიგის და სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე, მასთან კომუნიკაციით მივაწოდოთ, გავაცნოთ არსებული ვითარება, ჩვენი არგუმენტები უშუალო შეხვედრისას და შემდგომ დაველოდოთ საქართველოს მთავრობის რეაგირებას," - ამბობს დიმიტრი გვრიტიშვილი.