საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს შალვა პაპუაშვილი - როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადა, ოპოზიციას ჯერ კიდევ დეკემბერში ჰქონდა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით კომისიის შექმნის იდეა დარეგისტრირებული, თუმცა მაშინ მმართველი გუნდის მზაობის მიუხედავად, საკითხის კენჭისყრაზე დაყენება არ მოუთხოვიათ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იგივე საკითხისთვის ახლა რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა გაუგებარია.
"კომისიის ჩამოყალიბებაზე განცხადება ოპოზიციას ჰქონდა ჯერ კიდევ შარშან, დეკემბერში, იმის შემდეგ მე პირადად ვეხვეწებოდი, რომ გამოეტანათ. თავად თაროზე აქვთ შემოდებული, მე ვეუბნებოდი გამოიტანე და უარს ამბობდნენ გამოტანაზე და ახლა ამბობენ, რომ დაჩქარებული წესით უნდათ რიგგარეშე სესიაზე.
რაც შეეხება შინაარსს, ამ განცხადებაში, დღეს ელჩმაც დაადასტურა, საუბარი არის ღია წყაროებზე. რა საგამოძიებო კომისია სჭირდება ღია წყაროებს, დაჯდნენ, დაგუგლონ, წაიკითხონ ანგარიშები და მოისმინონ მედია რეპორტაჟები," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.