"ხალხი ძალის" ლიდერებმა დღეს მორიგ საფრთხეებსა და რისკებზე ისაუბრეს, რომელიც მათი თქმით, შეერთებული შტატებიდან მოდის.
კონკრეტულად რომელ მოსამართლეებზე საუბრობენ პოლიტიკოსები უცნობია, ისინი საკითხზე დეტალურ განმარტებებს არ აკეთებენ. "ხალხის ძალის" განცხადების სიღრმისეული შეფასებისგან თავს იკავებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილიც. ის ამბობს მხოლოდ იმას, რომ სასამართლო სისტემაში ასობით მოსამართლეა, მათ შეხედულებები კი გარკვეულ საკითხებზე განსხვავებულია.
ხელისუფლების ოპონენტები, იმ ადამიანებს, რომლებსაც უმრავლესობის წევრები ე.წ. აგენტებად მოიხსენიებენ, კეთილსინდისიერ მოსამართლეებს უწოდებენ. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ "ხალხის ძალა" ახლა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
კონკრეტულად რა ინფორმაციაზე დაყრდნობით და ვისზე საუბრობს "ხალხის ძალა" უცნობია "ქართული ოცნებისთვის", თუმცა მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა აშკარად არსებობს.
"ხალხის ძალის" მტკიცებით, ინფორმაცია მათ ე.წ. აგენტი მოსამართლეების შესახებ საკუთარი წყაროებიდან მიიღეს. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მათ მიერ დასახელებული 20-მდე მოსამართლე შეერთებულ შტატებში ტრენინგებზეც იმყოფებოდა.