15 ნოემბერი 2024,   06:10
ვრცლად
"დაგუგლონ და წაიკითხონ" - ასეთია მთავარი კანონმდებლის პასუხი ოპოზიციის მიმართ, რომელიც სანქცირებული მოსამართლეების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რა მიზნით ითხოვს ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის მოწვევას. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში რამდენიმე თვის წინ იყო რეგისტრირებული და უმრავლესობის მზაობის მიუხედავად, ოპოზიცია საკითხს კენჭისყრაზე არ აყენებდა. მოსამართლეთა დასანქცირების შემდეგ კი ხელისუფლების ოპონენტები ამ მიმართულებით გააქტიურდნენ. ამ ფონზე მთავარი კანონმდებელი კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს.

საჯარო ინფორმაცია კომისიის შექმნის ინიციატორებისთვის უკვე მტკიცებულებებია. ოპოზიციას მიაჩნია, რომ სწორედ მედიაში გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით გამოვლინდება სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, კომისიამ მუშაობა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს და სწორედ ამიტომ ითხოვენ საკითხის გატანას რიგგარეშე სხდომაზე.

უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ მოსამართლეთა კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ფაქტები არ არსებობს. სკეპტიკურად უყურებენ კომისიის შექმნის საკითხსაც.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კენჭისყრაზე 50 ხმა სჭირდება. ოპოზიციას პარლამენტში 56 მანდატი აქვს, თუმცა გადაწყვეტილება საკითხის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ყველას ჯერ არ მიუღია. ოპოზიცია შიდა კონსულტაციებს გადის.

ოპოზიციის ინიციატივის მიღმა მმართველმა გუნდმა პოპულისტური მიზნები ამოიკითხა. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის კომისიის შექმნას საპირისპირო ეფექტი ექნება. განმარტავენ, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება სასამართლო შტოს საქმიანობაში არ უნდა ერეოდეს.

საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციას რიგგარეშე სხდომაზე სურს. შერჩეული აქვთ კონკრეტული დღეც. სხდომის მოწვევას პრეზიდენტისგან ორშაბათისთვის ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია დააკმაყოფილებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მიმართვას.

დღის ამბები