15 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ოპოზიციის უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებს - რაზეა დამოკიდებული ოპოზიციის გეგმები და აქტივობა

მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსს - ოპოზიციის ნაწილის პოლიტიკური ცხოვრება ევროკომისიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ზურა ჯაფარიძე წინასწარ განწყობილია, რომ ქვეყანა დადებით შეფასებას ვერ მიიღებს.

ზურა ჯაფარიძის განცხადების შინაარსი მმართველი პარტიისთვის სტატუსის მიღების პროცესში მიზანმიმართული ხელშეშლაა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რადიკალური ოპოზიცია აღარ მალავს, რომ ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება "ქართული ოცნების" პირობებში არ სურთ.

რას გულისხმობს ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის კოორდინირებულ გამარჯვებაში და რატომ აგებენ ისინი საკუთარ სტრატეგიას ნეგატიურ მოლოდინზე - კითხვები ადრესატმა უპასუხოდ დატოვა. ჯაფარიძე-ხოშტარია-ვაშაძის გაერთიანებაში თანამოაზრის განცხადებას იზიარებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებაზე გავლენის მთავარი ბერკეტი ქუჩის აქციებზე გადის.

რატომ ცდილობს ოპოზიციის გარკვეული ჯგუფი ქუჩის პროტესტზე კონცენტრირდეს - სახელისუფლებო გუნდის წევრების თქმით, ეს არჩევნებში მათი უპერსპექტივობით აიხსნება. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას ბარიერებს უქმნიან, საქართველოს ინტერესებს მტრობენ.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ჯაფარიძის გარდა სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც სკეპტიკურად უყურებენ.

მათი ნაწილი არ მალავს, რომ საქართველოს პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ქვეყანა დადებით შეფასებას ვერ მიიღებს, თუმცა მიაჩნიათ, რომ ცვლილება ქვეყანაში არჩევნების გზით უნდა მოხდეს.

ევროკომისიისგან რაციონალური შეფასების შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპელი ლიდერებისგან დადებით შეფასებას და ევროპულ პერსპექტივასთან ერთად წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსსაც მიიღებს. მიიღებს თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს დასკვნა დეკემბრისთვის უნდა მომზადდეს.

დღის ამბები