15 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
სურამში ზურაბ ჯაფარიძის ახალგაზრდებთან შეხვედრას "ოცნება" ოპოზიციის დესტრუქციულ გეგმებთან აკავშირებს

სურამში პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ახალგაზრდებს შეხვდა. ზურა ჯაფარიძემ შეკრებილებს ტრენინგი ჩაუტარა. როგორც თავად განმარტავს, პოლიტიკურ იდეოლოგიასთან დაკავშირებით. ღონისძიება IRI-ის დაფინანსებით, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაატარა.

"მე ვკითხულობ უნივერსიტეტებში პოლიტიკური იდეოლოგიის კურსს და, აქაც, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს ახალგაზრდებისთვის აკადემიურ კურსს, სადაც ერთ-ერთი ნაწილი არის პოლიტიკური იდეოლოგია. დამიძახეს, ჩამოვედი და ვისაუბრეთ პოლიტიკურ იდეოლოგიებზე,"- აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

ჯაფარიძის პოლიტიკური დღის წესრიგი მმართველ გუნდში გარკვეულ კითხვებს აჩენს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პოლიტიკოსები, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლა რევოლუციური გზით წარმოუდგენიათ, ახალგაზრდების დაინტერესებას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ.

"არიან ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს უწოდებენ, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაგრამ ცდილობენ, რომ ამას მიაღწიონ მიაღწიონ არა არჩევნების, არამედ რევოლუციური სცენარების განვითარების გზით. ამისთვის, "წარმატებით" იყენებენ გარკვეულ ენთუზიასტებს, ადამიანებს, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ საკუთარი კარიერა აიწყონ და საკუთარი მოთხოვნები დაიკმაყოფილონ. იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკოსები ჩვენს ახალგაზრდებს მოვუწოდებდეთ, რომ სწორი კრიტერიუმებით და პრინციპებით განვითარდნენ, ასწავლიან ისეთ რამეს, რაც მაინცდამაინც არაა დემოკრატიასთან თავსებადი, რბილად რომ შევაფასოთ. ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმ დესტრუქციული გეგმებისა, რომელიც აქვს ოპოზიციის დიდ ნაწილს და რომელიც უკავშირდება დამხობას. ისინი ხვდებიან, რომ განწირულები არიან მარცხისთვის არჩევნების გზით და ასეთ დროს მიმართავენ ცუდ, არაკეთილსინდისიერ და ქვეყნისთვის მტრულ ხერხს. ეს არის ის, რომ ცეცხლის ალში გახვიონ ეს ქვეყანა. რამდენიმე ოპოზიციონერმა გათქვა ღიად, მაგალითად, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მათი განწყობების შესახებ უკრაინის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. 

დღის ამბები