15 ნოემბერი 2024,   06:15
ვრცლად
შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია პარლამენტში - ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად პრეზიდენტის თანხმობას ელოდება

აშშ-ის მხრიდან მოსამართლეების სანქცირების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას ოპოზიციაში განსხვავებულად აღიქვამენ. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები ფიქრობენ, რომ კომისია მთავარ პრობლემას ვერ გადაჭრის და აშშ-ს გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ ავტომატურად აყენებს. თუმცა, ამბობენ, რომ ოპოზიციის ინიციატივას მხარს მაინც დაუჭერენ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" პოზიციას იზიარებს მათი ყოფილი თანაგუნდელიც. თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ კომისიის დაკომპლექტება პროცესს გააჭიანურებს და მმართველი გუნდის ინტერესების სასარგებლოდ იმუშავებს.

საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა გაუგებარია მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ კომისია არა ზოგადი ჩანაწერის, არამედ კონკრეტული სამართალდარღვევის საფუძველზე უნდა შეიქმნას. მათივე თქმით, საკითხი როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ასევე, სასამართლო სისტემაში ჩარევის რისკსაც აჩენს.

ოპოზიციის ნაწილი, რომლისთვისაც კომისიის შექმნა პრინციპული საკითხია, საჭირო ხმების მოსაგროვებლად, კონსულტაციებს კოლეგებთან განაგრძობს. პარალელურად, პრეზიდენტისგან რიგგარეშე სხდომის ჩატარების მოთხოვნაზე პასუხს ელოდებიან. რიგგარეშე სხდომის მოწვევას, ისევე როგორც საგამოძიებო კომისიის შექმნას, უმრავლესობისთვის არგუმენტები სჭირდება. მმართველი პარტია პარტნიორი სახელმწიფოსგან მეტ განმარტებებს მოითხოვს.

საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 ხმა სჭირდება. პარლამენტში ოპოზიციას 56 მანდატი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების შეთანხმების შემთხვევაში, კომისია უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშეც შეიქმნება. უახლოეს ორ დღეში უნდა გაირკვეს, ჩანიშნავს თუ არა პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას ორშაბათს.

 
დღის ამბები