მორიგი ფარსი და წარუმატებლობის გადაფარვის მცდელობა, - ასე აფასებს მმართველი გუნდი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებულ აქციას.
ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აქციის ჩატარება ნებისმიერს შეუძლია, თუმცა 9 აპრილს სხვა სულისკვეთებაა ქვეყანაში და ამ ფაქტს, საზოგადოებამ მკაცრი შეფასება უნდა მისცეს.
"9 აპრილი ეროვნული მოძრაობის სიმბოლოა, რა საკვირველია ნებისმიერს შეუძლია აქცია ჩაატაროს, მაგრამ ამავე დროს ბზობაა, ამავე დროს, საზოგადოების განწყობა, სულისკვეთება სულ სხვაა და "ნაცმოძრაობა" სრულიად დისკრედიტირებული პოლიტიკური პარტია აქციას ატარებს, თან ლევან ხაბეიშვილი, თან ეს შემადგენლობა, რომელსაც ჯერ სისხლი არ შეშრობია ხელზე ვანო მერაბიშვილის მეთაურობით. არის ისეთი სამწუხარო რეალობა, რომელსაც შეფასება სჭირდება და არა მარტო პოლიტიკოსების მხრიდან, ამას საზოგადოებამ უნდა მისცეს უფრო მკაცრი შეფასება", - განაცხადა გია ვოლსკიმ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, პროცესი სრული ფარსია და "ნაციონალური მოძრაობა" სიმრავლით მანიპულირებას და შეუსრულებელი დაპირებების გადაფარვას ცდილობს.
"ერთადერთი მიზანი აქვს ამ აქციას, რომ ის სამარცხვინო წარუმატებლობა, რომელიც დააანონსეს, დიდი აქციების ნაცვლად რამდენიმე ათეულზე მეტს, რომ ვერ გაცდნენ მხარდამჭერთა მობილიზებაში, ახლა ცდილობენ, რომ 9 აპრილთან დაკავშირებული საზოგადოების ემოციები საკუთარ სამსახურში გამოიყენონ და შესაბამისად, რაღაც სიმრავლით მანიპულირება მოახდინონ. მხოლოდ და მხოლოდ ამის გადასაფარად ხდება, სხვა შემთხვევაში სათქმელი არაფერი აქვთ. რაც შეეხება იმას, რაც თავდაპირველი ანონსის დროს ითქვა, რომ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას უკავშირდებოდა, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მორიგი ფარსი, რადგან 12 პუნქტის შესრულებას სჭირდება არა რადიკალური გეგმები, არამედ კონკრეტულ კაბინეტებში დაჯდომა და მუშაობა", - განაცხადა სარჯველაძემ.