"9 აპრილი ჩვენთვის ყოველთვის დარჩება თავგანწირვისა და ამავდროულად, ეროვნული სიამაყის დღედ” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ პარლამენტის სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, რითაც 21 დაღუპული გმირის ხსოვნა თავისუფლების მოპოვებას სამუდამოდ დაუკავშირა.
"9 აპრილი თითოეული ჩვენგანისთვის ერთდროულად არის დიდი ტკივილის და გამარჯვების სიმბოლო.
1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე თავისუფლების იდეით გაერთიანებულ ქართველ ერს საბჭოთა ჯარი დაუპირისპირდა. დაიღუპა 21 ადამიანი, მათგან 17 ქალი. ამ შემზარავი ტრაგედიით მთელმა მსოფლიომ გაიცნო დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ამაყი საქართველო, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის პირობებშიც იბრძოდა საკუთარი და სხვა რესპუბლიკების თავისუფლებისთვის.
1991 წლის 9 აპრილს კი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ პარლამენტის სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, რითაც 21 დაღუპული გმირის ხსოვნა თავისუფლების მოპოვებას სამუდამოდ დაუკავშირა.
სწორედ ამიტომ, 9 აპრილი ჩვენთვის ყოველთვის დარჩება თავგანწირვისა და ამავდროულად, ეროვნული სიამაყის დღედ. ქედს ვიხრი დაღუპული გმირების წინაშე, ვინც მომდევნო თაობებს მოგვცა თავდადების მაგალითი და გვასწავლა დამოუკიდებლობის მნიშვნელობა,” - წერს შალვა პაპუაშვილი.