15 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
 სახელმწიფო დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილება და მტკიცებულებების მოლოდინში მყოფი მოსამართლეები- რა მოლოდინები აქვთ დასანქცირებულ მოსამართლეებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელით 5 აპრილს გამოქვეყნებული განცხადება, უპრეცედენტოა. პირველად, ამერიკა- საქართველოს ურთიერთობებში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 4 მოქალაქის დასანქცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სავიზო შეზღუდვა დაუწესდა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესა და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს. საკუთარი გადაწყვეტილება ენტონი ბლინკენმა ოფიციალური განცხადების მიღმაც განმარტა, როცა "ტვიტერში" დაწერა, რომ მნიშვნელოვანი კორუფციის გამო, შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა საქართველოს ოთხ ოფიციალურ პირს. ამერიკა, სახელმწიფო მდივნის განმარტებით, საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით გამჭვირვალობისა და დემოკრატიული მმართველობის გასაუმჯობესებლად დგას.

დამატებით კითხვებზე პასუხის გასაცემად ელჩის, კელი დეგნანის ვიდეომიმართვაც გავრცელდა, რომელშიც დიპლომატი ამერიკული მხარის მიზნებსა და მოტივებზე ამახვილებს ყურადღებას.

მოსამართლე ლევან მურუსიძემ, რომლის სანქცირების გადაწყვეტილებაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო, საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის საელჩოს და პირადად ელჩის მხრიდან სასამართლოს ხელში ჩაგდების მიზანს ემსახურება. მურუსიძემ თქვა, რომ პრობლემა იმდენად მასშტაბურია, მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხეც კი არსებობს.

ამერიკის მხრიდან სასამართლოში გავლენის მოპოვების ბრალდებით იყო გაჯერებული სხვა დასანქცირებული მოსამართლეების განცხადებებიც. ვალერიან ცერცვაძემ და ირაკლი შენგელიამ გადაწყვეტილების შესაფასებლად, სოციალური ქსელი აირჩიეს.

"ფეისბუქი" გამოიყენეს კოლეგების მიმართ სოლიდარობისთვის სხვა არასანქცირებულმა მოსამართლეებმა. სერგო მეთოფიშვილი, ირაკლი ბონდარენკო, ლევან თევზაძე, ვლადიმერ კაკაბაძე - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მოსამრთლეებისა, რომლებმაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება - "ლინჩის წესით გასამართლება", "სტალინი-ბერიას ეპოქა", "სამარცხვინო" და მსგავსი ეპითეტებით შეაფასეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, კონკრეტული მტკიცებულებების მიწოდების მიზნით, პრემიერთან შეხვედრაც მოითხოვა.

სანქციების ქვეშ მოხვედრა ნიშნავს, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე, ცერცვაძე, შენგელიას გაუუქმდებათ მოქმედი ვიზები, თუ ასეთი აქვთ. ისინი ვერ მიიღებენ აშშ-ს ვიზას ოფიციალურად და ვერ შეძლებენ ქვეყანაში შესვლას , სანამ აშშ-ს მთავრობის მხრიდან, ეს შეზღუდვები არ მოიხსნება. სანქციები არ გავრცელდება ამ ოთხი მოსამართლის ოჯახების რომელიმე წევრზე, თუ ის შეერთებული შტატების მოქალაქეა.

სახელისუფლებო გუნდისთვის ამერიკული მხარის გადაწყვეტილება არგუმენტაციას და მტკიცებულებებს მოკლებულია. აშშ-ს საელჩო ამბობს, რომ ინფორმაციის შეგროვება ხდება სხვადასხვა, მათ შორის, ღია წყაროებიდან.

სწორედ ამ ფორმით სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, თუმცა ეს განმარტება ბევრ კითხვას აჩენს საპარლამენტო უმრავლესობისთვის.

მტკიცებულებების წარმოდგენა ქართულმა მხარემ ენტონი ბლინკენს ოფიციალური ფორმითაც თხოვა. ილია დარჩიაშვილმა ამერიკელ კოლეგას ვრცელი წერილი გაუგზავნა, რომელშიც 2012 წლამდე, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში, სასამართლოში სისტემური პრობლემების შესახებ აწვდის ინფორმაციას. საგარეო საქმეთა მინისტრისთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა.

მტკიცებულებების მოპოვებაა ოპოზიციის ინიციატივის მიზანიც. საპარლამენტო პოლიტიკური ძალების თითქმის სრული შემადგენლობა საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. კომისიის მუშაობის მთავარი ამოცანა, სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციული და სხვა კანონსაწინაღმდეგო ქმედებების შესწავლა უნდა იყოს.

რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევა პრეზიდენტის დისკრეციაა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა არაფერი თქვა ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ. პრეზიდენტმა ხელისუფლებას ურჩია, რომ მეგობრის დაუნდობლად ნათქვამი სიმართლე, სწორად გაანალიზოს და გაითვალისწინოს.

საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა ერთადერთი ოფიციალური პირი სახელისუფლებო შტოებს შორის, რომელსაც ამერიკის ელჩი შეხვდა. კელი დეგნანმა პირისპირ ესაუბრა პარლამენტის თავმჯდომარეს და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მოსამართლეების დასანქცირება მთავრობამ უნდა გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა და აჩვენოს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგულია.

დასანქცირება, თუ სავიზო შეზღუდვა?! ელჩთან შეხვედრის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ თარგმანის პრობლემის გამო ტერმინი სანქცია, სავიზო შეზღუდვით უნდა შეიცვალოს, თუმცა მისივე თქმით, ეს ფაქტი არსებულ მოცემულობას შინაარსობრივად ვერ ცვლის. პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის ელჩთან, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, საკუთარი იმედგაცრუება გამოთქვა.

სტრატეგიული პარტნიორობა მმართველი გუნდის ლიდერების შეფასებით,ორმხრივია. საქართველო წლების განმავლობაში ამ ურთიერთობის გაღრმავებისთვის ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს. მაგრამ მსგავსი გადაწყვეტილებები სახელისუფლებო გუნდში როგორც განმარტვაენ, შესაძლოა ურთიერთობაზე უაყოფითად აისახოს.

დასანქცირებული მოსამართლეები სასამართლო სისტემაში მაღალ თანამდებობებს წლებია იკავებენ. ლევან მურუსიძე, 2006 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. 2018 წელს კი სააპელაციო სასამართლოში უვადოდ აირჩიეს. მურუსიძე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც. მის მსგავსად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა მიხეილ ჩინჩალაზეც, ის 2022 წლის ივლისში ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლის ვადით აირჩიეს. ჩინჩალაძის მოადგილეა სააპელაციო სასამართლოში ირაკლი შენგელია. ვალერიან ცერცვაძემ კი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა, 2017 წელს, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა.

დღის ამბები