სასამართლო სისტემაში კორუფციის და სხვა სამართალდარღვევების შესწავლისთვის საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სურს, თუმცა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამ საკითხს ფრთხილად ეკიდება.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ნიუსანსია გასათვალისწინებელი.
"საგამოძიებო კომისიის შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი საგამოძიებო კომისია დავაანონსეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერცერთი ვერ შევქმენით. ამიტომ არ შეიძლება საზოგადოებას რაიმე ისეთს დავპირდეთ, რასაც შემდგომ ვერ ან არ გავაკეთებთ.
ასევე, იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ კონკრეტული ინსტიტუტის შექმნით "ქართულ ოცნებას" რაიმეში არ დავეხმაროთ და ხელშემწყობი არ გავხადოთ ამა თუ იმ ინსტრუმენტის გამოყენება," - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით კი, 4 მოსამართლის თაობაზე აშშ-ის პოზიციის რევიზიას არ აპირებენ და კომისიამ სხვა მოსამართლეებთან დაკავშირებული ფაქტები უნდა გამოიძიოს.
"იმ 4 მოსამართლესთან დაკავშირებით, ამერიკამ ვისზეც თქვა, რომ კორუფციასთან დაკავშირებით ფაქტები აქვს, ამის რევიზიას არ ვაპირებთ, სხვა მოსამართლეებზე კი ბატონო შევქმნათ საგამოძიებო კომისია, მაგრამ ფრთხილი მოლოდინებით და ოპტიმიზმით, რადგან ვინც ოპოზიციაშია, ყველა ოპოზიცია არ არის.
ჩვენ არ ვართ ორგანიზატორები, როგორც ვიცი 38 ხელმოწერა აქვს. ჩვენ ძალიან ფრთხილად ვუყურებთ ამ საკითხს, იმიტომ, რომ არ გვინდა ცრუ მოლოდინები გავაჩინოთ საზოგადოებაში, რომ ახლა საგამოძიებო კომისიას შევქმნით და არიქა და კორუფციის ფაქტებს დავდებთ, და ამ დროს პროცედურაში გავიჭედოთ," - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
ჯერჯერობით უცნობია უცნობია დააკმაყოფილებს თუ არა პრეზიდენტი ოპოზიციის მოთხოვნას რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით. დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 ხმა სჭირდება, ოპოზიციას კი 56 მანდატი აქვს.
ავტორი: ანუკა ბუავა