სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, არავითარ პასუხს არ იმსახურებს, თუმცა, ხალხს მინდა შევახსენო, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს მან და მისმა უფროსებმა ჩვენი ქვეყანა. სააკაშვილმა განცხადებაში თქვა, თანამედროვე სახელმწიფო ავაშენეო. როგორც ჩანს, ის თანამედროვე სახელმწიფოს ეძახის ციხეებში ადამიანების წამებას, მიტინგების სასტიკ დარბევას, ბიზნესის რეკეტს და ტელევიზიების მიტაცებას. სწორედ ასეთი იყო სააკაშვილის მიერ აშენებული „თანამედროვე“ და „ამერიკულ-ევროპული“ სახელმწიფო, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუკზე“ დადო განცხადება, რომელიც უამრავი ტყუილით იყო სავსე. მან ყურადღება გაამახვილა 2008 წლის აგვისტოს ომზე და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა ჯონ მაკკეინის გადაწყვეტილებით მიიღო ომში ჩართვის გადაწყვეტილება. მისივე თქმით, ძირითადად სწორედ სააკაშვილის მსგავსი ადამიანები შეადგენენ საქართველოში აგენტურას, რომელიც უკვე ორ ათწლეულზე მეტია, უცხო ქვეყანას ემსახურება, ხოლო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს.
„მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე უამრავი ტყუილით სავსე განცხადება დადო, რასაც არ შემეძლო, არ გამოვხმაურებოდი. სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, არავითარ პასუხს არ იმსახურებს, თუმცა, ხალხს მინდა შევახსენო, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს მან და მისმა უფროსებმა ჩვენი ქვეყანა. სააკაშვილმა განცხადებაში თქვა, თანამედროვე სახელმწიფო ავაშენეო. როგორც ჩანს, ის თანამედროვე სახელმწიფოს ეძახის ციხეებში ადამიანების წამებას, მიტინგების სასტიკ დარბევას, ბიზნესის რეკეტს და ტელევიზიების მიტაცებას. სწორედ ასეთი იყო სააკაშვილის მიერ აშენებული „თანამედროვე“ და „ამერიკულ-ევროპული“ სახელმწიფო. რეალურად თანამედროვე სახელმწიფოში სააკაშვილი, როგორც ჩანს, იმას გულისხმობს, რომ პრეზიდენტობისას მან საქართველო უცხო, მისი გადმოსახედიდან ყველაზე თანამედროვე ქვეყნის სამსახურში ჩააყენა და მის კოლონიად გადააქცია. თავის განცხადებაში სააკაშვილმა ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნულ გმირად გამოაცხადა. მაკკეინი საქართველოს გმირი ზუსტად იგივე ლოგიკით არის, რა ლოგიკითაც სააკაშვილმა თანამედროვე სახელმწიფო ააშენა. სწორედ მაკკეინი იყო ის კაცი, რომლის კარნახითაც სააკაშვილი მოქმედებდა და ეჭვგარეშეა, რომ აგვისტოს ომის დაწყებაც სააკაშვილმა სწორედ მისი კარნახით გადაწყვიტა.
ყველას გვახსოვს, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანია ჯონ მაკკეინმა თავიდან ბოლომდე რუსეთ-საქართველოს ომზე ააგო. სააკაშვილის მესამე ტყუილის თანახმად, 2008 წელს რუსული ჯარი ამერიკულ სამხედრო გემს შეუჩერებია. სინამდვილეში წყლით დატვირთული ამერიკული გემი საქართველოში 25 სექტემბერს შემოვიდა, ანუ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ცეცხლი ცალმხრივად შეწყვიტა, კაპიტულაცია გამოაცხადა, 6-პუნქტიან კაპიტულანტურ შეთახმებას ხელი მოაწერა, რის სანაცვლოდაც რუსეთმა სენაკიდან, ხაშურიდან და გორიდან ჯარი გაიყვანა. ამერიკულ გემს რუსები რომ არ შეუშინებია, იქიდანაც ჩანს, რომ ზუსტად მეორე დღეს რუსეთის პარლამენტმა დიმიტრი მედვედევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების რეკომენდაცია მისცა, ხოლო აქედან მეორე დღესვე მედვედევმა აღიარების აქტი გამოსცა. ერთადერთი, ვისაც აგვისტოს ომში საქართველოს წინაშე დამსახურება მიუძღვის, ეს ჩვენი გმირი სამხედროები არიან, რომლებმაც რუსული ჯარის წინააღმდეგ თავგანწირულად იომეს. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ვიდრე ჩვენი გმირები ჯერ კიდევ იბრძოდნენ, ხოლო გმირულად დაღუპული ჩვენი სამხედროების ნეშტები გადმოსვენებულიც კი არ იყო, სააკაშვილმა ხალხს წაგებული ომი აზეიმა. რეალურად, მაშინ რუსეთმა პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო და საერთაშორისო დონეზე იმიჯის შესანარჩუნებლად, გადაწყვიტა, თბილისში არ შემოსულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც მაკკეინი და ვერც სააკაშვილი, რომელიც გორში თვითმფრინავის ზუილზე გარბოდა და რომლის თანაპარტიელებმა ორ დღეში წითელ ხიდთან რიგი დააყენეს, უკვე კასპამდე ჩამოსულ რუსულ ჯარს ნამდვილად ვერ შეაჩერებდნენ. ბოლოს, სააკაშვილმა თქვა, ამერიკელებმა მე და 10 ათასობით ქართველს ამერიკაში უფასოდ გვასწავლესო. 10 ათას ქართველზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილისა და მისნაირების ამერიკაში გაგზავნით ხეირი არა საქართველომ, არამედ მხოლოდ ამერიკამ ნახა.
ფაქტია, რომ სასწავლებლად წაყვანა ამერიკელებისთვის აგენტების შერჩევის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ინსტრუმენტია. ძირითადად სწორედ სააკაშვილის მსგავსი ადამიანები შეადგენენ საქართველოში აგენტურას, რომელიც უკვე ორ ათწლეულზე მეტია, უცხო ქვეყანას ემსახურება და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ყოველგვარი ქაოსი და არეულობა საქართველოში სწორედ მათი ხელით ორგანიზდება, რასაც ხელისუფლების და საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება და სწორად გაანალიზება ესაჭიროება.“ - წერს ფრიდონ ინჯია სოციალურ ქსელ Facebook-ზე