15 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
პრემიერ - მინისტრი მოსამართლეებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ნინო ქადაგიძემ დახურულ კარს მიღმა

რა ზეწოლისა და ჩარევის შესახებ ესაუბრნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პრემიერს, უცნობია. დახურული შეხვედრის ფორმატის გათვალისწინებით, ირაკლი ღარიბაშვილს დეტალები მედიასთან არ დაუკონკრეტებია, თუმცა მთავრობის მეთაურმა არ გამორიცხა, რომ გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა საზოგადოებამ ამის შესახებ შეიტყოს.

პრემიერისთვის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება კითხვის ნიშნებს აჩენს. იგი აქცენტს აკეთებს მტკიცებულებებზე სანქცირებული მოსამართლეების წინააღდეგ, რომლებიც მისი თქმით, ამ დრომდე არავის წარმოუდგენია. ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო სისტემას მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა მიუღებელია.

საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. დასაბუთებულ მტკიცებულებებს ელოდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც. ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის ელჩსაც მიაწოდა, თუმცა ამ დრომდე არგუმენტირებული პასუხი ვერ მიიღო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შესაბამისი სამსახურებისგან შეცდომის აღიარების ან გადაწყვეტილების გადახედვის მოლოდინშია. ნინო ქადაგიძეს კონკრეტული ხედვაც აქვს, როგორ შეიძლება სასამართლო სისტემის გარე ჩარევებისგან დაცვა - ამისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნორმატიული ჩარჩოს შემუშავებას მიესალმება.

სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია, სანქცირებული მოსამართლეებისთვის მართლმსაჯულების სისტემაზე თავდასხმაა. ლევან მურუსიძის განცხადებით, ის არც გადადგომას აპირებს და უფრო მეტიც, შტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს.

ლევან მურუსიძის მსგავსად, ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს კიდევ ერთი სანქცირებული მოსამართლეც. ირაკლი შენგელია სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება. მოქმედი მოსამართლე მისი უფლებების დარღვევაზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ მის აღდგენას სამართლებრივი გზით შეძლებს.

მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე დღეს, იუსტიციის საბჭოში შეხვედრის დასრულების შემდეგ ვრცლად ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალურად გაიხსენა, თუ რა პოლიტიკური მემკვიდრეობა ერგო ”ქართულ ოცნებას” 2012 წელს.

მურუსიძე, ჩინჩალაძე, ცერცვაძე, შენგელიას და მათი ოჯახის წევრებს ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით შეეზღუდათ. ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია ცნობილი გასულ კვირას გახდა. მას შემდეგ სანქცირებულ მოსამართლეებთან ერთად ხელისუფლებაც ელოდება კონკრეტულ მტკიცებულებებს, თუ რის საფუძველზე მიიღო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება და რაზე დაყრდნობით დასდო ბრალი 3 მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს კორუფციაში.

დღის ამბები