როდესაც სტრასბურგის სასამართლომ არაერთ გახმაურებულ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ კანონიერად დასაბუთებული გადაწყვეტილებები მიიღო, მაშინ სად რჩება სივრცე კითხვის ნიშნისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მოსამართლეთა სანქცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არ უნდა მოხდეს იმ ნდობის დაზიანება, რომელიც საქართველოს მოქალაქეს სასამართლოს მიმართ ახლა აქვს.
„სტრასბურგის სასამართლომ არაერთ გახმაურებულ სასამართლო დავაზე განაცხადა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ სწორად გადაწყვიტა საკითხები. როდესაც კონკრეტული საკითხზე მტკიცებულება არ არსებობს, ამბავი, ვითარება არ ვიცით, შემდეგ გადავდივართ განზოგადებაზე.
არ უნდა მოხდეს იმ ნდობის დაზიანება, რომელიც საქართველოს მოქალაქეს სასამართლოს მიმართ აქვს. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი იმას ემსგავსება, შესაძლებელია, ისე მოხდეს, რომ მოქალაქეს ეჭვი შეეპაროს - სასამართლოში რომ წავიდეს, რამდენად უნდა ჰქონდეს მას საქმის სამართლიანად გადაწყვეტის მოლოდინი. ასეთი მოცემულობა არ უნდა დარჩეს, ეს უნდა გაიფანტოს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.