სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიულ კანონპროექტს განიხილავენ. პროექტის ავტორი "ნაციონალური მოძრაობაა". დოკუმენტი ოლიგარქთა რეესტრის შექმნას ითვალისწინებს, სადაც კონკრეტული პირი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხვდება.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ თუკი ადამიანი მოქმედებს პოლიტიკაში, ის ზეგავლენას ახდენს თანამდებობის პირებზე და საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე, ამ შემთხვევაში, ოლიგარქიის პრობლემა წარმოიშვება.
"ჩვენი კანონი სწორედ ამიტომ იყო განპირობებული, რომ არ გვესაუბრა ინდივიდებზე. ის, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გავლენა მედიაზე, შეიძლება ჰქონდეს გავლენა ფინანსურ რესურსებზე, ეკონომიკაზე და ა.შ. თავისთავად, ეს ოლიგარქის ცნების და სტატუსის მინიჭების საფუძველი არ უნდა გახდეს. მაგრამ, თუ ის მოქმედებს პოლიტიკაში, თუ ის ზეგავლენას ახორციელებს თანამდებობის პირებზე და საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ოლიგარქიის პრობლემა წარმოიშვება და ამ შემთხვევაში, იწყება უკვე მსჯელობა სტატუსის მინიჭებაზე. მტკიცებულებები უნდა იყოს, უნდა იყოს შესაბამისი გამოძიება, მოკვლევა და მარტო პოლიტიკური შეხედულებებით, მარტო დამოკიდებულებებით არ უნდა ხდებოდეს ამ საკითხის განსაზღვრა, ამიტომ გთავაზობთ, რომ ეს იყოს სამართალწარმოების პროცესი, მოხდეს საკონსტიტუციო სამართალწარმოების გზით განხილვა, ვინაიდან, აქ უკვე შემოგვყავს კიდევ ერთი პრინციპულად განსხვავებული სუბიექტი ამ საკითხების რეგულირებაში, ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
ინიციატივას არ აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა. "ქართულ ოცნებაში" პროექტს მიზნებთან აცდენილს უწოდებენ და ამბობენ რომ წინადადება საკონსტიტუციო ცვლილებებსაც კი მოითხოვს.
სხდომაზე ლევან ბეჟაშვილს სიტყვით მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა. ალუდა ღუდუშაური დაინტერესდა, რას უწუნებს ლევან ბეჟაშვილი სათაურს, რომელიც მმართველმა გუნდმა შესთავაზა დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით.
"თქვენ იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენს მიერ იქნა დაინიცირებული, დავაბრუნეთ მეორე მოსმენაზე, რომელზეც შეფასებები აქვს გაკეთებული ვენეციის კომისიას, სათაურს უწუნებთ ბატონო ლევან? სათაურთან მიმართებაში იქნებ გვითხრათ, ეს თქვენი ხედვა, რაც თქვენ დაარქვით წარმოდგენილ პროექტს, გულისხმობს იმას, რომ რაც ზოგადად მათ შორის არც ვენეციის კომისიას არ უთქვამს, რომ სათაური, რომლის მიმართაც თქვენ გაქვთ პრეტენზია, არის ზოგადად შეუთავსებელი თუნდაც იმასთან, რომ ამ სათაურით იქნეს მიღებული უკვე კანონის სახით აღნიშნული კანონპროექტი. ეჭვი მაქვს, რომ ეს მთლად თქვენი დაწერილი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ იურისპრუდენცია ჩემი წარმოდგენით იმდენად კარგად გესმით, რომ აქ რაც წერია და რა კითხვებიც მაქვს, თქვენიდან ვერ იქნებოდა,“ - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.