15 ნოემბერი 2024,   06:14
ვრცლად
"განა არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ახლა ჩემი ამოცანა არ არის, რომ ოპოზიციაში დამნაშავეები ვეძებო" - პაატა მანჯგალაძე რიგგარეშე სხდომის მოთხოვნის გაუქმებაზე

რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნის უკან გამოწვევასთან დაკავშირებით, კოლეგების ნაწილმა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა, ნაწილი ცდილობს დამნაშავე არ ეძებოს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა ოპოზიციაში მეტი კოორდინაცია ყოფილიყო.

"რატომღაც ორგანიზატორებმა არ იცოდნენ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი არ იყო საქართველოში და ამან გამოიწვია ის, რომ კენჭისყრაზე დამდგარიყო საკითხი და ვერ გასულიყო. აუცილებელი იყო ამ რაოდენობების ზუსტად დათვლა რადგან კენჭისყრის დროს ზღვარზე ვიყავით. ჯობდა უკეთესი კოორდინაცია ყოფილიყო. თარიღი რა თქმა უნდა ვიცოდით, განა არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ახლა ჩემი ამოცანა არ არის, რომ ოპოზიციაში დამნაშავეები ვეძებო", - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

ოპონენტების დაპირისპირებას არასერიოზულად აღიქვამენ საპარლამენტო უმრავლესობაში, სადაც გუშინდელ პროცესებს ცირკიც კი უწოდეს. პარლამენტის წევრის, საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრის ეკა სეფაშვილის თქმით, ოპოზიცია ცრუ აღქმებით ცდილობს წარმოადგინონ ისე თითქოს ქვეყნის მომავალზე ზრუნავს, სინამდვილეში კი ქვეყნის მომავალი არ აინტერესებთ.

"მთელი ეს ცირკი რაც ოპოზიციამ მოაწყო ძალიან კომიკურია. მე არავითარ აზრს ვერ ვხედავ საგამოძიებო კომისიის შექმნაში, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები აცხადებენ, მათი ეს გადაწყვეტილება დაფუძნებულია ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით. ამიტომ მათ მარტივად შეუძლიათ აიღონ ეს ღია წყაროები და დადონ თავიანთი დასკვნები თუ ასე ძალიან უნდათ გამოძიება. თვითონ არ იციან რას აკეთებენ და ხალხი ჩვეულ სტილში შეცდომაში შეჰყავთ. ცდილობენ ცრუ აღქმებით წარმოადგინონ ისე თითქოს ქვეყნის მომავალზე ზრუნავენ. სინამდვილეში მათ ქვეყნის მომავალი არ აინტერესებთ", - განაცხადა პარლამენტის წევრმა, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრმა ეკა სეფაშვილმა.

დღის ამბები