ლატვიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ათობით უკრაინულ ბენზინმზიდს, ყოველდღიურად, სანქციების გვერდის ავლით ლატვიის დედაქალაქიდან რუსული საქონელი გააქვს, პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა თბილისში.
როგორც საქართველოს პარლამენტში ითქვა, სამწუხარო იქნება თუ სანქციების გვერდის ავლის ფაქტი დადასტურდა. ამ ეტაპზე, დადასტურებულად მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ საქართველოში მსგავს შემთხვევებს ადგილი არ აქვს.
როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოს სანქციების თავიდან ასარიდებლად ვერავინ ვერ გამოიყენებს და ეს ობიექტური რეალობაა.
"ძალიან ცუდია თუ ასეთი ფაქტები ხდება. რა თქმა უნდა მე მხოლოდ მედიაზე დაყრდნობით ამ ყველაფერს ვერ დავადასტურებ, მაგრამ ეს არის ძალიან ცუდი. მე რაც შემიძლია დავადასტურო, არის ის, რომ საქართველოს ვერავინ ვერ გამოიყენებს სანქციების თავიდან ასარიდებლად, ეს არის ობიექტური რეალობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ყველამ უზრუნველყოს ეს ამბავი იმიტომ, რომ ვიდრე ჩვენ მოგვიწოდებენ და ვიდრე ბრალდებებით ჩვენს წინააღმდეგ გამოვლენ, ძალიან ბევრი საკითხი არსებობს, რომელიც კითხვებს იწვევს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
გუშინ დაიწერა ლატვიურ მედიაში, რომ ათობით უკრაინულ ბენზინმზიდს ყოველდღიურად სანქციების გვერდის ავლით ლატვიის დედაქალაქიდან რუსული საქონელი გააქვს. ამავე წყაროს ინფორმაციით, ხუთ თებერვალს ევროკავშირში ძალაში შევიდა რუსულ ნავთობ პროდუქტებზე სრული აკრძალვა. მაშინ რიგის პორტში, სანკტ-პეტერბურგიდან სამმა ტანკერმა მოახერხა შესვლა, რომლებიც საწვავით იყო დატვირთული. ტვირთის საერთო ღირებულება ას მილიონ ევროს აჭარბებდა. მაშინვე ჟურნალისტებმა ერთ-ერთ ტერმინალთან შეამჩნიეს უკრაინული ბენზინ მზიდები, რომლებსაც პორტში გაჭედილი ნავთობი უკრაინაში გადაჰქონდა.
ლატვიელი ჟურნალისტის ცნობით, რუსული ტანკერის რიგის პორტში შესვლიდან 2 თვის შემდეგ ისევ ჩანს, რომ ტერმინალზე უკრაინული ბენზინ მზიდები ისევ დადიან. ლატვიური მედია წერს, რომ მათ რუსული საწვავი ქვეყანაში ფალსიფიცირებული საბუთებით შეაქვთ.