ხმაურის ფონზე მიმდინარეობს დედაქალაქის საკრებულოს სხდომა - ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის იმის ურთიერთბრალდებები. თავდაპირველად კამათი მოჰყვა ოპოზიციის რეპლიკას, რომ ხელისუფლებამ უკრაინის მხარდასაჭერად არაფერი გააკეთა - ეს კომენტარი გაკეთდა იმ დროს, როდესაც უმცირესობის დეპუტატი საუბრობდა უკრაინის ომში დაღუპული გმირების მემორიალის საჭიროებაზე.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ონიანი აცხადებს, რომ უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცების მემორიალი, ან სკვერი უნდა გაკეთდეს.
"ჩვენ არ უნდა გვიჭირდეს ამ ადამიანების შესაბამის დაფასება. შესაბამის დაფასებად მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც შეეწირნენ ამ ომს, მოხდეს მათი მემორიალის გაკეთება და სკვერის სახელდება,"-აცხადებს გიორგი ონიანი.
საკრებულოს უმრავლესობის თავმჯდომარემ, სიცრუე უწოდა ოპოზიციის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად არაფერი გააკეთა და აღნიშნა, რომ საკითხის პოლიტიზება მორალურად არ არის სწორი. პოლიტიკური განცხადებების დროს დარბაზში ისმოდა უცენზურო სიტყვებიც.