ლევან ხაბეიშვილისა და ანა წითლიძის მოულოდნელი გამგზავრება, ოპოზიციაში დაპირისპირების მიზეზი გახდა. კოლეგების კრიტიკას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, სოციალური ქსელით უპასუხა და ისტერიკა უწოდა. ანა წითლიძემ კი, ინიციატორებს ურჩია გადაბრალების ნაცვლად, საკითხის გარშემო მეტი ორგანიზება გაეკეთებინათ.
რიგგარეშე სხდომის მოთხოვნის უკან გაწვევა დეპუტატების ნაწილს გუშინ მოუწიათ, რის გამოც დღის ბოლოს მეორე ბრიფინგის გამართვა გახდა საჭირო, სადაც ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ თქვეს, რომ ამის მიზეზი სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და ანა წითლიძის პოლონეთში გამგზავრება გახდა. აღმოჩნდა, რომ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ოპოზიციას ხმების რაოდენობა აღარ ჰყოფნიდა.
პოლონეთში გამგზავრების გამო, პარტია ყოფილმა წევრებმაც გააკრიტიკეს. რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა რომ გადაწყვეტილებები გუნდში არ მიიღება, ეს მოდელი კი "ნაციონალური მოძრაობისთვის" შესაძლოა დამანგრეველი გახდეს.
ერთადერთი ვინც დღეს ხაბეიშვილისა და წითლიძის მოულოდნელი ვიზიტის გამართლება სცადა ლევან ბეჟაშვილია. დეპუტატმა თქვა, რომ კომუნიკაცია ვერ შედგა და თანაგუნდელებმა რიგგარეშე სესიის თარიღი არ იცოდნენ. ბეჟაშვილმა გუნდის ლიდერი დაიცვა, თუმცა ყოფილი გუნდელების კრიტიკას არ მორიდებია. ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე სუბიექტური, მცდარი და დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებაშიც დაადანაშაულა.
მმართველ გუნდის აზრით, ოპოზიციის გადაწყვეტილებებმა, შიდა კრიზისი კიდევ ერთხელ გამოააშკარავა. "ქართული ოცნება" ოპონენტებს უპასუხისმგებლობასა და სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
ოპოზიცია, სასამართლო სისტემის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს მომავალ კვირას ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს.
ავტორი: ანუკა ბუავა