მიხეილ სააკაშვილის რიგით მეოთხე საჩივარი უკვე სტრასბურგშია. თითქმის ორთვიანი მუშაობის შემდეგ, ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. რას მოიცავს საჩივარი - კონკრეტულ დეტალებზე ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველები, სტრატეგიიდან გამომდინარე არ საუბრობენ, თუმცა ცნობილია, რომ სარჩელი სააკაშვილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან უფლებების შელახვას ეხება. გარდა ამისა, ადვოკატები ითხოვენ, სტრასბურგმა საჩივარი 39-ე მუხლის გათვალისწინებით, დაჩქარებულად განიხილოს.
დაჩქარებული განხილვის გარდა, კიდევ რას ითხოვს სააკაშვილის მხარე, უცნობია. ამაზე არც ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე საუბრობს, რომელმაც საჩივრის ევროსასამართლოში შეტანის შესახებ ინფორმაცია პირველმა, სოციალური ქსელით გაავრცელა.
სააკაშვილის პარტიაში საჩივრის სტრასბურგში შეტანას მნიშვნელოვანს უწოდებენ, თუმცა მოლოდინებზე საუბარი უჭირთ. ამბობენ მხოლოდ ერთს, რომ სარჩელის გაგზავნა ევროსასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მორიგი მცდელობაა.
სარჩელს სტრასბურგში უპერსპექტივოდ თვლის საპარლამენტო უმრავლესობა. დეპუტატები ამბობენ, რომ იმ ფონზე, როდესაც ექს-პრეზიდენტი საკვებსა და მკურნალობაზე, უარს საკუთარი სურვილით ამბობს, სტრასბურგი მისი უფლებების დარღვევას ვერ დაადგენს.
საჩივარი უკვე სტრასბურგშია, თუმცა, ევრო სასამართლოს, ის ჯერ არსებით განხილვაში არ მიუღია.