ხვალ, პარლამენტში "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავენ. ხვალვე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებულ პროექტზეც იმსჯელებს.
ოპოზიციის მოსაზრებები ალტერნატიული პროექტის სახით "ნაციონალურმა მოძრაობამ" წარადგინა. კანონპროექტის მიხედვით ოლიგარქი გახდება ის, ვინც შესაბამის რეესტრში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შევა. ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებასაც საჭიროებს, რაც მმართველი გუნდის შეფასებით, კანონის მიღების პროცესს უფრო გაართულებს.
კომიტეტების თავმჯდომარეებმა დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველად შეაფასეს ოპოზიციის კიდევ ერთი ინიციატივა - ოლიგარქიული მმართველობის ნიშნად ჩაითვალოს ერთპარტიული გადაწყვეტილებები.
რატომ დასჭირდა ოპოზიციას ალტერნატიული პროექტის შემუშავება და რატომ არ წარადგინეს ინიციატივები დეოლიგარქიზაციის კანონის განხილვისას? "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის განმარტებით, მიზეზი უმრავლესობისგან რადიკალურად განსხვავებული ხედვაა, თუ რა კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ოლიგარქის სტატუსი.
ალტერნატიული პროექტის გაცნობის შემდეგ უმრავლესობა აცხადებს, რომ ოპოზიციის ინიციატივა კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული არ არის. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ოპოზიციის პროექტმა ვერც ერთი კომიტეტის მხარდაჭერა ვერ მიიღო. ამის მიუხედავად ინიციატივა ხვალ, იურიდიულ საკითხმა კომიტეტზე მაინც გავა,სადაც მეორე მოსმენით უმრავლესობის ინიციირებული დეოლიგარქიზაციის კანონიც უნდა განიხილონ.