15 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
დეოლიგარქიზაციის შესახებ ორ კანონპროექტზე მსჯელობა გრძელდება - იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებულ დოკუმენტს განიხილავენ

პარლამენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ ორ კანონპროექტზე მსჯელობა გრძელდება. ამ წუთებში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებულ დოკუმენტს განიხილავენ.

ამის შემდეგ უკვე იმსჯელებენ უკრაინულ მოდელზე, რომლის ავტორიც "ქართული ოცნებაა". დღეს გაირკვა, რომ "გირჩი" და "ევროპელი სოციალისტები", არც ერთ ინიციატივას დაუჭერენ მხარს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კომიტეტზე, თავიანთი დოკუმენტის შინაარსზე ისაუბრეს:

"შესაძლებლად მიგვაჩნია ეს საკითხი გავითვალისწინოთ კონსტიტუციაში, გამომდინარე აქედან, საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი იყოს. გთავაზობთ ოლიგარქიული მმართველობის შემდეგ მცნებას - ოლიგარქიული მმართველობა წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის სისტემას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ერთპარტიულობა. 6 კრიტერიუმიდან ერთობლივად 3 კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელსაც შეიძლება ოლიგარქის სტატუსი მიენიჭოს, მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ უნდა ჰქონდეს რესურსი, რომ შესაბამის ზეგავლენას უნდა ახორციელებდეს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებზე,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბეჟაშვილი.

მმართველი გუნდის წევრებმა დოკუმენტის კონკრეტულ ნაწილებზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დოკუმენტში მოცემული საკითხები, სამართლებრივი ანომალიაა და თავდაყირა აყენებს ხალხის ნების გამოხატულების ყველაზე მარტივ პრინციპებს:

"ერთპარტიულობა არ არის დემოკრატიული მმართველობის ფორმა? ერთპარტიული გადაწყვეტილებები არის ნორმა, მათ შორის ამერიკის სენატში. გამოდის, რომ ერთპარტიული გადაწყვეტილება იქაც ოლიგარქიული გადაწყვეტილებაა. სამართლებრივი ანომალიაა ეს და თავდაყირა აყენებს ხალხის ნების გამოხატულების ყველაზე მარტივ პრინციპებს,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

”ხალხის ძალის" დამფუძნებელმა გურამ მაჭარაშვილმა კი განაცხადა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი ხელს უშლის 12 პუნქტის შესრულებას:

"თქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტი პრაქტიკულად ხელს უშლის იმას, რომ 12 პუნქტის შესრულების პროცესში, ევროკომისიამ თქვა, რომ უკვე ნათქვამი რაც აქვთ უკრაინის კანონზე, რომ ეს არის კარგი კანონი. ჩვენ ახალი ველოსიპედი რატომ გამოვიგონოთ,"- პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები