ამ წუთებში სასამართლო ყალბი ფულის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.
პროკურატურა დაკავებულების პატიმრობას მოითხოვს. საქმის პროკურორის განცხადებით, არსებობს საქმისთვის ხელის შეშლის, მტკიცებულებების განადგურების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. ამასთან, პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა წრე კიდევ გაიზარდოს. გარდა ამისა, პროკურორის ინფორმაციით, საქმეში იკვეთება, რომ ყალბი კუპიურები საქართველოში არ მზადდებოდა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
სულ დაკავებულია ოთხი პირი - გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა გაასაღეს 6 100 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები, რის შემდეგაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.