ომბუდსმენი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ კონსილიუმის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა დაერთო იმ საჩივარს, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა სტრასბურგის სასამართლოში შეიტანეს.
იოსელიანის თქმით, სახალხო დამცვლის აპარატი, ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაში, ასრულებს და ბოლომდე შეასრულებს საკუთარ მოვალეობებს.
"მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი, შემდგომ კონსილიუმი იყო შესული და შემდგომ კონსილიუმმა გამოაქვეყნა თავისი დასკვნა, ჩემთვის ამაზე ცნობილია. შესაბამისად, ეს დასკვნაც დაერთო მათ საჩივარს სტრასბურგის სასამართლოში. ვერაფერს გეტყვით სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ ჩვენს ფუნქციას, ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ვასრულებთ და გავაგრძელებთ ამ ფუნქციის შესრულებას, რაც გულისხმობს მის უფლებებზე ზედამხედველობას, მათ შორის, კონსილიუმის აქტიური მონაწილეობით,"- აცხადებს ლევან იოსელიანი.
შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რიგით მეოთხე საჩივარი სტრასბურგში ორშაბათს გაიგზავნა. სარჩელის კონკრეტული დეტალები, დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, არ ხმაურდება; თუმცა ცნობილია, რომ ის ექს პრეზიდენტის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან უფლებების შელახვას ეხება.