15 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
სისტემურ პრობლემებთან და კორუფციასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა 18 აპრილის სხდომაზე შედგება

ოპოზიციაში დაწყებული დაპირისპირება ახალ მასშტაბებს იძენს - მცდელობა, ურთიერთბრალდებების ფონზე სასამართლო სისტემის საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ისევ მცდელობად რჩება, საკითხს კენჭს 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე უყრიან, იქამდე ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება მოახერხებს თუ არა ოპოზიცია საჭირო 50 ხმის მოგროვებას. 

ამასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ახლა ერთმანეთთან დაპირისპირება არავის არგებს, ეს ჩანს ძალიან ცუდად.

"დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე თავიდანვე იყვნენ მომხრე, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია. ამას ვაცხადებ და ეს ვიცი. შესაძლებელია ანიმ არ იცოდეს, მე მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ანი წითლიძეს- მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დაპირისპირებებია, შევწყვიტოთ ეს პროცესი და მოვბილიზდეთ იმისთვის, რომ სამშაბათს იყოს კენჭისყრა. არავის არ არგებს ახლა ერთმანეთთან დაპირისპირება, ეს ჩანს ძალიან ცუდად. ჩვენ ახლა ერთმანეთს ვჭირდებით. არ უნდა შეიქმნას არანაირი ტექნიკური მიზეზი, გადაბრალება, ერთმანეთის ჯიბრში ჩაჯდომა და ა.შ. რაც უზრუნველყოს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვოს არჩევნებში,"-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

პარალელურად, პარლამენტის წევრი თამარ კორძაია კი აცხადებს, რომ წითლიძისა და ხაბეიშვილის მიმართ უნდა შეწყდეს უსაფუძვლო კრიტიკა.

"ანა წითლიძე ამ წუთას არ არის საქართველოში. მისი კრიტიკული პოსტები ჩემთვის არის აბსოლუტურად გასაგები. რადგან მათი პოზიცია არის გასაგები, მაგრამ მიზანი გაცილებით უფრო დიდი, გასაგებია იმიტომ, რომ ძალიან ბერი კრიტიკა მიიღო წითლიძემაც და ხაბეიშვილმაც. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ამ განცხადებას, რომ პერსონალურად ყველას დავუკავშირდებით და უნდა დასრულდეს ერთმანეთის მიმართ კრიტიკული განცხადებების კეთება," - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ავტორი: ანუკა ბუავა 

დღის ამბები