პირის ოლიგარქად ცნობის საკითხს მთავრობის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო გადაწყვეტს. ეს არის ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც "დეოლიგარქიზაციის შესახებ" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტში აისახა.
"ქართული ოცნების" კორექტირებული დოკუმენტის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო, პირის ოლიგარქად ცნობის პროცედურას იწყებს საკუთარი ინიციატივით, ასევე მთავრობის წევრის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრის, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართვის საფუძველზე.
"მაქსიმალურად უნდა მოხდეს პოლიტიკისაგან დაცლა პროცედურის, როდესაც ხდება პირის ოლიგარქად მიჩნევა. ჩვენ ეს მიდგომა და მათი რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და გთავაზობთ, რომ პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება საქართველოს მთავრობიდან გადაეცეს ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც შექმნილია 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში," - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
ოპოზიცია ცვლილებას კატეგორიულად არ ეთანხმება - ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ბიუროს დამოუკიდებლობაში ეჭვი შეაქვთ.