უკვე სამი დღეა ოპოზიციაში დაპირისპირება არ მთავრდება. ხელისუფლების ოპონენტები "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების პოლონეთში ვიზიტის გაკრიტიკების შემდეგ, ანა წითლიძის თავდასხმებს იგერიებენ. ბრალდებების ადრესატებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დღეს ბოლოჯერ უპასუხეს და თქვეს, რომ მასთან დისკუსიის გაგრძელების აზრს ვერ ხედავენ.
კრიტიკით გაღიზიანებულმა ანა წითლიძემ, ოპოზიციონერ დეპუტატებზე იერიში სოციალური ქსელით მიიტანა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორებს პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი შეახსენა, სადაც გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის ხელმოწერები არ იყო. უკმაყოფილება კი იმის გამო გამოთქვა, რომ ვაშაძე და ბაქრაძე, "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, არავის გაუკრიტიკებია. დღის ბოლოს კი, დეპუტატმა ტონი შეცვალა და პოლონეთიდან ახალი, მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა.
წითლიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს დღეს სახალხო დამცველის არჩევის საკითხიც შეახსენა. დეპუტატმა უპასუხისმგებლო უწოდა ყველას, ვინც ლევან იოსელიანს მხარი დაუჭირა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის მთავარი სამიზნე ამჯერად ყოფილი თანაგუნდელი აღმოჩნდა. თქვა, რომ მას იოსელიანის მხარდაჭერა სურდა და პირადად შეაჩერა.
ოპოზიციას რეგლამენტის შესწავლა ურჩია პარლამენტის თავმჯდომარემ. მმართველმა გუნდის სხვა წევრებისთვის კი ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება მათ არასერიოზულობასა და არათანამიმდევრულობას ადასტურებს.
შეძლებს თუ არა საგამოძიებო კომისიის შექმნას ოპოზიცია სამშაბათს, პლენარულ სხდომაზე გაირკვევა. საკითხს კენჭი 18 აპრილს უნდა უყარონ.
ავტორი: ანუკა ბუავა