15 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
"ქართული ოცნება" ცდილობს, BBC-ის მიერ კეზერაშვილზე გამოქვეყნებული სტატიით გადაფაროს ყველაზე მნიშვნელოვანი თემები - ანა წითლიძე

BBC-ის ჟურნალისტების საგამოძიებო სტატია, რომელშიც საერთაშორისო თაღლითური სქემაა გაშიფრული, რომლის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული, ენმს-ს წევრის, ანა წითლიძისთვის სასიამოვნო წასაკითხი არ აღმოჩნდა. 

როგორც პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, მმართველმა ძალამ საქართველოს ევროპული კურსი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მისივე თქმით, ამ თემაზე სპეკულაციით "ქართული ოცნება" ცდილობს მნიშვნელოვანი თემები გადაფაროს.

"ამ სტატიასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არ ყოფილა სასიამოვნო წასაკითხი, ნამდვილად მძიმე სტატია არის. თუმცა ჩვენ ასევე ვიხილეთ ბატონი კეზერაშვილის განმარტებები და ბუნებრივია, ჩემი პოზიცია სხვაგვარი ვერ იქნება, რომ ამას აუცილებლად სჭირდება პასუხი და კარგი არის, რომ უპასუხა, თუმცა ჩვენ ასევე ვხედავთ იმას, რომ ყოველთვის, როდესაც ხელისუფლებას აქვს კრიზისი, ყოველთვის, როდესაც ხელისუფლებას აქვს პრობლემა და დღეს ჩვენ აქ შევხვდით ათობით ევროპარლამენტარს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს ჰყავს პრორუსი ხელისუფლება, რომ მოსამართლეების დასანქცირება, ეს არის ის, რაც არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობიდან დღემდე. 

მაშინ, როდესაც დღეს ჩვენ ვართ ისტორიული არჩევანის წინაშე, რომ მივიღებთ თუ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს და საქართველოს ევროატლანტიკური კურსი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, მიგვიყვანა "ქართულმა ოცნებამ" და თვეები არის დარჩენილი ამ გადაწყვეტილების მიღებამდე და გარკვევამდე, მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, "ქართული ოცნება" ყოველთვის ახერხებს იმას, რომ გადაფაროს ყველაზე მნიშვნელოვანი თემები," - აცხადებს ანა წითლიძე. 

შეგახსენებთ, BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, რომელშიც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა. BBC ასაჯაროებს იმ ბიზნესმენების ვინაობას, ვინც თაღლითურ სქემაში მონაწილეობდნენ, მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.

დღის ამბები