"ღამის კურიერის" წამყვანის კითხვაზე, ლევან იოსელიანის არჩევის შემდეგ, სახალხო დამცველის ინსტიტუტი "ჩაბარდა" თუ არა "ქართულ ოცნებას", პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი ხათუნა სამნიძე პასუხობს, რომ ეს იყო კონსენსუსი მოცემული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მისი კანდიდატურის მხარდაჭრის გამო ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან რაიმე იარლიყის მიწებება კი მისთვის მიუღებელია.
როგორც ხათუნა სამნიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, ლევან იოსელიანის ომბუდსმენად არჩევის შემდეგ ქვეყანამ შეასრულა ევრორეკომენდაციის 12 პუნქტიდან ერთ-ერთი, რომელიც სწორედ სახალხო დამცველის არჩევის წესს ეხებოდა.
"რაზეც დღეს ანას [წითლიძე] ძალიან მძიმე სტატუსები ვრცელდებოდა, იყო იმაზე, რომ იარლიყების მიწებება დაიწყო, მაგალითად, "გირჩმა" და დაუწყო, რომ გარიგებული ხართ "ოცნებასთან" და ა.შ. მე წინააღმდეგი ვარ პოლიტიკურ პროცესში იარლიყების მიწებების, როდესაც საუბარია ოპოზიციურ ფლანგზე, სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფების და პარტიების მუშაობაზე, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ინტერესი და ტონი. არ შეიძლება იმის გამო, რომ ვინმეს რომელიმეს ბრძოლის მეთოდები არ მოსწონს, იარლიყი მივაწებოთ და ვეძახოთ, რომ "ქართული ოცნებაა". ეს მოხდა ჩემი აზრით, იოსელიანის პირობებში და ახლა სამწუხაროა, რომ გაიმეორა ანა წითლიძემ.
იოსელიანის მუშაობის დროს არაერთხელ გამოჩნდა მისი პრინციპულობა. მე ვიცი მისი დამოკიდებულება სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიცაა უმცირესობების თემა, ქალთა უფლებები და ა.შ. ჩავთვალეთ, რომ პოლიტიკური ვითარებიდან და კონტექსტიდან გამომდინარე ეს არ იყო საუკეთესო პოლიტიკური ვითარება, სადაც ჩვენ შევძლებდით, რომ ენჯეოების მიერ შემოთავაზებული კანდიდატები გაგვეყვანა და დაგვერწმუნებინა "ქართული ოცნება". შეუძლებელი იყო ამის გაკეთება. მეორედ რომ ჩავარდნილიყო ომბუდსმენის არჩევის პროცესი, ეს იქნებოდა პრობლემა.
ჩვენ შევთანხმდით, ეს იყო კონსენსუსი. ჩემი მხრიდან კომპრომისი ის იყო, რომ ის პოლიტიკური ფიგურა იყო, რომელიც დატოვებდა პარტიას, ჩავთვალე, რომ ეს იყო კონსენსუსის შესაძლებლობა და ამიტომ მივეცი მას ხმა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც იყო ჩამოსული დელეგაცია და ვსაუბრობდით 12 პუნქტის შესრულებაზე, ეს ჩაითვალა, როგორც შესრულებული პუნქტი და არამხოლოდ ეს," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლევან იოსელიანმა ომბუდსმენად არჩევის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა სამ პოლიტიკოს ქალს, რომლებმაც მას მხარდაჭერა გამოუცხადეს, მათ შორის იყო ხათუნა სამნიძეც.