15 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
ოპოზიციას ვურჩევდი, გაემიჯნოს კეზერაშვილს პოლიტიკურად ამ პროცესში იმიტომ, რომ ეს დააზიანებს ხელისუფლების ცვლილების პროცესს ქვეყანაში - იაგო ხვიჩია

BBC-ის მიერ მომზადებულ სკანდალურ რეპორტაჟს, რომელიც წლების განმავლობაში მოქმედ ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ დაჯგუფებას ეხება და რომლის ჩრდილოვან მმართველადაც დავით კეზერაშვილი დასახელდა, ქართველი პოლიტიკოსები ეხმიანებიან.

ოპოზიციის უმეტესობა ბრიტანელი ჟურნალისტების მიერ ჩატარებულ გამოძიებას სანდოდ მიიჩნევს და მოუწოდებენ კეზერაშვილთან დაკავშირებულ კოლეგებს ყოფილ თავდაცვის მინისტრს გაემიჯნონ.

კეზერაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი და მსგავსი დანაშაულის ჩადენას სუსის მფარველობის გარეშე წარმოუდგენელად მიიჩნევენ.

"შეუძლებელია მსგავსი დანაშაული ხდებოდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მფარველის გარეშე, ან თუ არ იციან, მაშინ რას აკეთებენ? გამორიცხულია ასეთი რამე ხდებოდეს და ამაზე არ ჰქონდეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოებას, რომელიც ყველას გვისმენს და გვითვალთვალებს და თითოეული ჩვენი ნაბიჯი იციან," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.

"გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ოპოზიციას მოუწოებს, რომ დავით კეზერაშვილს პოლიტიკურად გაემიჯნონ.

"სარწმუნოა, რომ BBC-ის აქვს რეპუტაცია და ნებისმიერი ტიპის ასეთი გადაცემა, სადაც ასე თანმიმდევრულად არის ლოგიკური დასაბუთებები, შეიძლება მას არ ჰქონდეს სასამართლო გადაწყვეტილების ძალა, მაგრამ მინიმუმ იმის ძალა აქვს, რომ შენ გადაიაზრო ბრძოლის მეთოდი.

ოპოზიციას ვურჩევდი, რომ გაემიჯნოს ბატონ კეზერაშვილს პოლიტიკურად ამ პროცესში იმიტომ, რომ ეს დააზიანებს ხელისუფლების ცვლილების პროცესს ქვეყანაში," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

ავტორი: მაია გრიგოლია

დღის ამბები