სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, განაგრძობს გამყოფი ხაზის სოფლებში ვიზიტებსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას. ამჯერად სახელმწიფო მინისტრი გამყოფ ხაზთან მდებარე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევსა და ნიქოზში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ოფისის ხელმძღვანელის მოადგილესთან ანა ჩერნიშოვასთან ერთად, სოფლებში მოქმედი ამბულატორიები მოინახულა, სადაც UNDP-ის მხარდაჭერით სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სამედიცინო მომსახურების განვითარებისა და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის გაუმჯობესების მიზნით.
სახელმწიფო მინისტრი და გაერო-ს წარმომადგენელი ამბულატორიების მედპერსონალს შეხვდნენ და სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნენ. ამასთან, განხილულ იქნა სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირების შემდგომი გაუმჯობესების თვალსაზრისით არსებული საკითხები.
შეხვედრებს, ასევე, ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.
თეა ახვლედიანი სოფელ მეჯვრისხევსა და ნიქოზში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. ამასთან, მინისტრმა მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ნიქოზის საგანმანათლებლო ცენტრს - ხელოვნების სკოლას ეწვია, რომელიც ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით უკვე თერთმეტი წელია ფუნქციონირებს. თეა ახვლედიანმა მიტროპოლიტთან ანიმაციური ფილმების 2023 წლის მეთერთმეტე საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზის“ საორგანიზაციო საკითხები და საჭიროებები განიხილა. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა, ომით დაშორებული საზოგადოების შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში, სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების, მათ შორის, ხელოვნებისა და კულტურული ღონისძიებების, ისევე როგორც ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.