მიხეილ სააკაშვილის მძიმე მეტალებით მოწამვლის ფაქტი არ დადასტურდა - "ლიმბახის" გერმანული ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზების თანახმად, ექსპრეზიდენტის მონაცემები ნორმაშია, მოწამვლასაც ადგილი არ ჰქონია.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე განცხადებებისგან თავს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის ოჯახი, ინტერესების დამცველები და გარემოცვა თვეების განმავლობაში საუბრობდა იმაზე, რომ სააკაშვილი მოწამლულია - ამის შესახებ სასამართლოსაც მისცა ჩვენება ამერიკელმა ექსპერტმა და სიკვდილის რისკებზეც კი ისაუბრა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობაში", ჯერჯერობით, განმარტება და შეფასება საკითხზე არ გაკეთებულა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ოჯახის წევრებისგან, პარტიისგან და ასევე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან ხშირად ისმის, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მეტალებით იყო მოწამლული.
"კურიერი" ესაუბრა ადვოკატს, რომელიც ამბობს, რომ სანამ სტრასბურგის საჩივართან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები წინსვლა არ იქნება, ზოგადად, ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე განმარტებების გაკეთება არ სურს. შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, რომ ინფორმაციას მოწამვლასთან დაკავშირებით ის არ იცნობს.
"ამდენ ხანს რატომ არ ჩაატარეს? გავეცნობი და მერე შემიძლია გავაკეთო [კომენტარი]. გამოვითხოვ ისტორიას, გავეცნობი და მერე გავაკეთებ კომენტარს," - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
საკითხი არის შეფასების საგანი საპარლამენტო უმრავლესობაში - „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ის კამპანია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა აწარმოებდა სახელმწიფო დისკრედიტაციის მიზნით, ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მთლიანად ჩამოიშალა.
"მილიონები დაიხარჯა იმისთვის, რათა სააკაშვილის მოწამვლის თემა ყოფილიყო არა ერთი წამყვანი საინფორმაციო საშუალებების გვერდზე გამოქვეყნებული და პიარ კამპანია, რომელშიც დაიხარჯა უშველებელი თანხები, სწორედ ამას ემსახურებოდა.
ახლა ვითარება ამ დასკვნის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ არ შეიცვლება და პირიქით, უფრო მეტი გააფთრებით დაიწყებენ ბრძოლას იმისთვის, რათა ეს თემა დღის წესრიგიდან არ მოიხსნას.
სააკაშვილი და მისი გარემოცვა უარს ამბობს ექსპერტიზის ჩატარებაზე, თუნდაც პარალელური ექსპერტიზის ჩატარებაზე, მაგრამ რა დასკვნაც გუშინ მივიღეთ კიდევ ერთხელ ადასტურებს არა მარტო სამედიცინო ფაქტს, არამედ იმ ფაქტსაც ადასტურებს, რომ სახელმწიფოში პოლიტიკური პარტიების ნაცვლად ჩამოყალიბდა რევოლუციური კომიტეტები, რომლებიც შედგება მავნებელი ადამიანებისგან, ერთი სული აქვთ როგორმე ქვეყანას გაუწიონ დისკრედიტაცია," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.