პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, საკითხი მიხეილ სააკაშვილის მძიმე მეტალებით მოწამვლასთან დაკავშირებით, სპეკულაციურია.
მისივე თქმით, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ახალმა ადვოკატმა საეჭვოდ მიიჩნია, კვლევა, რომელიც, რეალურად, რუტინულ გამოკვლევებს მოიცავდა.
"არავის, კლინიკას მითუმეტეს, არ ჰქონია ეჭვი სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით. იმის მერე, რაც აიყვანეს ახალი ადვოკატი, გამოთხოვილი იყო საბუთები კლინიკიდან, კერძოდ, ისტორიის ჩანაწერი, სადაც იყო აღნიშნული ერთ-ერთი რუტინული კვლევა, საჭირო კვლევა, იმ თვალსაზრისით, რომ უნდა ყოფილიყო გამორიცხული ესა თუ ის დაავადება, გამომწვევი მიზეზი. იყო შესწავლილი სისხლში მძიმე მეტალების არსებობა. რა თქმა უნდა, იყო ნორმის ფარგლებში ეს ყველაფერი, მაგრამ რადგან ეს დაინახეს, ლაბორატორიული მონაცემი, რომ იყო შესწავლილი რატომღაც მძიმე მეტალებზე, ააგორეს ასეთი სახის სპეკულაცია რომ, ვითომდა, ეჭვი ჰქონდა კლინიკას მოწამვლაზე. ეს იყო თავი და თავი, მანამდე არც არავინ საუბრობდა მოწამვლაზე. ეს იყო სუფთა წყლის სპეკულაცია, ეს იყო აგორებული საკითხი. ჩატარებული კვლევით, სააკაშვილის ორგანიზმში მეტალები არ ფიქსირდება, სააკაშვილი მოწამლული არც ყოფილა, ვერც იქნებოდა. თუ თვითონ არ მოისურვა, უფრო მეტსაც გეტყვით - თვითონაც არა, თუ ვიღაცებმა, მის გარშემო მყოფმა ხალხმა არ მოისურვა, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდეს კარგად, ის ვერ გახდება კარგად,"- აცხადებს ურთმელიძე.