რუსეთის ელჩი ვაშინგტონში, ანატოლი ანტონოვი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, გასცეს ვიზები რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის, რომლებმაც, საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით, რამდენიმე დღეში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობა უნდა მიიღონ.
ელჩის თქმით, ვიზების არგაცემა შეერთებული შტატების, როგორც გაეროს შტაბ-ბინის მასპინძელი ქვეყნის ვალდებულებებს არღვევს და ხელს უშლის მსოფლიო ორგანიზაციის სრულფასოვან ფუნქციონირებას. მისივე განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება რუსეთის დელეგაციის თვითმფრინავის აშშ-ის საჰაერო სივრცეში შესვლას არ თანხმდება.
აპრილში რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში, მიმდინარე თვეში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უნდა გაუძღვეს.