"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ სარჯველაძე მოსამართლე დიმიტრი გვირიტიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოხმაურა, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეებმა- ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი განაცხადეს. გვრიტიშვილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას სანქცირებული კოლეგების მიმართ სოლიდარობას უკავშირებს.
მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, მას ადამიანურად ესმის კოლეგიალობის, თუმცა ამბობს, რომ ცუდია, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა რთულდება.
"ადამიანურად ჩემთვის ეს გასაგებია, თუმცა რომ გითხრათ მიხარია ასეთი რამ რომ ხდებ, ამასაც მოვიტყუები, რადგან არ მგონია კარგი ამბავი იყოს, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა რთულდება. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, რომ ადამიანურად მე მესმის ადამიანების, რომლებსაც აქვთ გარკვეული კოლეგიალობის გრძნობა," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
შეფასებები ისმის ოპოზიციაშიც. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მოსამართლეების დასანქცირებას გაგრძელება ექნება და მას სხვა ხალხიც მოჰყვება.
"აშშ-მ, ძალიან მკაფიოდ, ცალსახად თქვა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის ლიდერები, "სასამართლო კლანი" არის ჩართული მნიშვნელოვან კორუფციულ სქემებში. მნიშვნელოვანი კორუფციული საქმეები გულისხმობს, რომ ის არის ბევრი სხვა ადამიანიც. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკური და ბუნებრივია, რომ ამ დასანქცირებას გაგრძელება ექნება და მოჰყვება სხვა ხალხიც", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.