15 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
"გაგვიჭირდება თანამშრომლობა იმ პოლიტიკურ გუნდთან, რომელიც შავ ფულს მიიღებს, უნდა იყოს სიცხადე იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მართავს პოლიტიკურ პარტიას და ვინ აფინანსებს - ირაკლი კუპრავა

BBC-ის მიერ გავრცელებული მასალის შემდეგ შეფასებები უკვე მეორე დღეა კეთდება.

ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, ბრალდება მძიმეა და საფრთხეს უქმნის ქვეყნის რეპუტაციას.

"ეჭვების დადასტურების შემთხვევაში, მთელი ოპოზიციური მეინსტრიმი და მედია მეინსტრიმი, აღმოჩნდება, რომ ევროპელი პენსიონერებიდან მოპარული ფულით ფინანსდებოდა, რაც ცხადია, რეპუტაციულად ნებისმიერს დაანგრევდა. ამიტომ, სჯობს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს ქართული პოლიტიკიდან კეზერაშვილის გასვლის პროცესი,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

ოპოზიციაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ კეზერაშვილის გარდა, კითხვებზე პასუხის გაცემა ხელისუფლებასაც მოუწევს, რადგანაც, მათი თქმით, ტრანსნაციონალური დანაშაულები ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე არ ხდება.

"ჩვენ BBC-ის სიუჟეტის რევიზიას არ ვეწევით, პირიქით, აბსოლუტურ ნდობას ვუცხადებთ ყველა იმ საინფორმაციო მასალას, რომელიც დასავლეთში ქვეყნდება. რაც შეეხება დავით კეზერაშვილს, მან გააკეთა განცხადება და მზადაა ითანამშრომლოს შესაბამის საგამოძიებო სტრუქტურებთან. მე დარწმუნებული ვარ, დასავლეთში, დიდ ბრიტანეთში ჩატარდება მიუკერძოებელი გამოძიება, რომელიც ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს,"- აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.

"ლელოში" კი აცხადებენ, რომ ეჭვების დადასტურების შემთხვევაში მათ გაუჭირდებათ ისეთ პარტიასთან თანამშრომლობა, რომელიც "შავ ფულს მიიღებს":

"გაგვიჭირდება თანამშრომლობა იმ პოლიტიკურ გუნდთან, რომელიც შავ ფულს მიიღებს. უნდა იყოს სიცხადე იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მართავს პოლიტიკურ პარტიას და ვინ აფინანსებს. თუ ეს სიცხადეები არ იქნება, რა თქმა უნდა, მსგავს პარტიებთან თანამშრომლობა რთული და შეუძლებელი იქნება,"- აღნიშნავს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრავა. 

საქმე ეხება BBC-ის საგამოძიებო მასალას.BBC-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა სავარაუდო თაღლითობის შესახებ სპეციალური რეპორტაჟი მოამზადეს. საუბარია თაღლითობის გლობალურ ქსელზე, რომელმაც რიგითი ინვესტორები მილიარდ დოლარზე მეტი თანხით გაძარცვა.

“ბიბისი აიმ ""დაადგინა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც, როგორც ჩანს, თაღლითობის უკან დგანან. მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.

ე.წ ქოლცენტრების თაღლითობის მსხვერპლი სხვადასხვა ასაკის ადამიანები გახდნენ, მათ შორის, პენსიონერებიც. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, თაღლითობის პროცესში ზარები განხორციელდა საქართველოში დაფუძნებული სავარაუდო კრიპტოვალუტების სავაჭრო ფირმის “სოლო ქეფითალს“-ის ოფისებიდან.

დღის ამბები