მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტს პასუხობს. ადმინისტრაციის განცხადებით, ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა პრეზიდენტის ვიზიტზე თანხმობა - მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება.
გამოქვეყნებული განკარგულების მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან სიტყვიერი თანხმობა სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 12 მარტს, აშშ-ში ვიზიტის დროს მიიღო. ამის შემდეგ მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციებს შორის მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება.
ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შევიდა 12 აპრილს , და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა სტრასბურგში ვიზიტთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სტრასბურგში ზურაბიშვილის ვიზიტის გადადების თაობაზე განცხადება გუშინ გაავრცელა.
პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პირველად არ ხდება, როდესაც პრეზიდენტს არ ეძლევა საშუალება წავიდეს საერთაშორისო ვიზიტებზე.
"არავითარი სხვა ინფორმაცია არ მაქვს იმის გარდა, რაც საჯაროა. ახალი არ არის, რომ პრეზიდენტს არ აძლევენ საერთაშორისო ვიზიტებზე წასვლის შესაძლებლობას, მაგრამ არ ვიცი ამ კონკრეტულ სიტუაციაში მიზეზი რა იყო,"- აცხადებს ხატია დეკანოიძე.
პარლამენტის წევრი, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ ხელოვნური ბარიერის შექმნა პრეზიდენტისთვის პირველი შემთხვევა არ არის ხელისუფლების მხრიდან.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მთავრობის ნებართვა არ არის პრობლემა.
"მცდელობებს ვადევნებთ თვალს, რომ ვინმე მსხვერპლის, ჩაგრულის მანტიით შეიმოსოს. ფაქტები, რომელიც ვრცელდება ხოლმე ცალმხრივად და არის სენსაციური აღმოჩნდება ხოლმე, რომ ფეიკია. მთავრობამ გასცა ნებართვა, როგორც ჩანს მოტივაცია და აზრი ასეთი ბრალდებების მთავრობის წინააღმდეგ მდგომარეობს ერთში, შესაძლოა ვინმეს სურს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია წარმოაჩინოს, როგორც დევნილი ან ჩაგრული და მსხვერპლის როლში, მე კი არ მგონია, რომ საამისოდ რამე მიზეზია,"- აცხადებს სარჯველაძე.