ევროპარლამენტში პრეზიდენტის ჩაშლილ ვიზიტს პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი ეხმიანება.
როგორც სალომე სამადაშვილი აცხადებს, ევროკავშირის ტრიბუნის დათმობა არაწევრი სახელმწიფოს მეთაურისთვის, არის ძალიან იშვიათი მოვლენა.
ამასთან, სამადაშვილი განმარტავს, რომ საჭიროა დეტალური ინფორმაცია თუ რამ გამოიწვია ვიზიტის ჩაშლა.
"ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იმიტომ, რომ 13 წელიწადია პლენარული სხდომისთვის არ მიუმართავს არცერთ ოფიციალურ პირს. საერთოდ, ძალიან იშვიათად ხდება, რომ ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს მეთაურს სთავაზობენ ამ ტრიბუნას.
ამიტომ, მე პირადად მჭირდება მეტი ინფორმაცია, რომ გავიგო რა მოხდა იმიტომ, რომ გამიზნულად თუ მოხდა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ამ ვიზიტისთვის ხელის შეშლა, ეს არის საბოტაჟი, მათ შორის ევროკავშირში ჩვენი დღის წესრიგის იმიტომ, რომ პლენარულს სხდომაზე გამოსვლის მიზანი იყო სწორედ კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვება,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პრეზიდენტმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს ევროპარლამენტში ვიზიტის განხორციელების დასტურის დაგვიანებასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის საპასუხოდ, პრემიერის ადმინისტრაციამ მალევე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს დასტური მოცემული ვადებში გადაეგზავნა.
ავტორი:ანუკა ბუავა.