შალვა პაპუაშვილის მიერ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტისთვის წერილის გაგზავნას, სადაც ის სთხოვს, რომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონთან დაკავშირებით მოსაზრება დაჩქარებულად მოამზადონ, პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა.
კანონპროექტში რამდენიმე შესწორება შევიდა და სწორედ ამის შემდეგ გაიგზავნა ის მეორედ ვენეციის კომისიაში. მაგალითად, ჩაიწერა, რომ პირისთვის ოლიგარქის სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილია ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ასევე 12 პუნქტიანი გეგმის გათვალისწინებით შეიქმნა.
პარლამენტის წევრი, ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ ვენეციის კომისია კვლავ უარყოფით დასკვნას გამოუგზავნის საქართველოს ხელისუფლებას.
"რა ცვლილებებიც შევიდა დეოლიგარქიზაციის კანონში, ეს არ ათავისუფლებს რეკომენდაციებისგან იმ მოლოდინს, რომელიც ჰქონდა საზოგადოებას. ეს კანონი ვერ იმუშავებს. ამ კანონში, მთლიანად ჩანს სახელმწიფო სტრუქტურების დაინტერესება. ამიტომ, მე ვფიქრობ, ვენეციის კომისია კვლავ უარყოფით დასკვნას გამოუგზავნის საქართველოს ხელისუფლებას,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ პროექტში ფორმალური ცვლილებები შევიდა და ის ვერ პასუხობს კომისიის ძირითად რეკომენდაციებს.
"ვენეციის კომისიამ თქვა, რომ მთავრობა არ უნდა მონაწილეობდეს, მაგრამ ქართლმა ოცნებამ თქვა, რომ აი შევასრულეთ რეკომენდაცია და მთავრობასთან დაქვემდებარებული ანტიკორუფციული სააგენტო გადაწყვეტს ამ საკითხს. ქართულ ოცნებას ორი რამ ეჩქარება - ერთი დააპლიუსოს, რომ ვითომ დეოლიგარქიზაცია მოხდა ქვეყანაში, კანონი მიიღეს და მეორე, ეს კანონი გამოიყენოს თუ დასჭირდა რეპრესიებისთვის,“ - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.