15 ნოემბერი 2024,   06:09
ვრცლად
რა ცვლილებები შეიტანა უმრავლესობამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტში - პარლამენტი ვენეციის კომისიისგან მორიგ დასკვნას ელოდება

დეოლიგარქიზაციის კორექტირებული კანონპროექტი ისევ ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. პარლამენტი ამჯერად შეფასებას, მანამდე გამოგზავნილი რეკომენდაციების გათვალისწინების შესახებ ელოდება. პარლამენტის თავმჯდომარემ პროექტთან ერთად კომისიის პრეზიდენტს წერილიც გაუგზავნა, რომლითაც მას დასკვნის დაჩქარებულად მომზადებას სთხოვს.

კანონპროექტში იურიდიულმა კომიტეტმა რამდენიმე შესწორება შეიტანა. ჩაიწერა, რომ პირისთვის ოლიგარქის სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილია ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ასევე 12-პუნქტიანი გეგმის გათვალისწინებით შეიქმნა. კომიტეტში განმარტავენ, რომ კომისიის ძირითადი რეკომენდაციები გათვალისწინებულია.

ხელისუფლების ოპონენტები კომისიისგან უარყოფით დასკვნას ელოდებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ პროექტში მხოლოდ ფორმალური ცვლილებები შევიდა. ზოგიერთი საერთოდ ფიქრობს, რომ საკითხის მოგვარება დღეს კანონმდებლობით შეუძლებელია, თუმცა ალტერნატიული ინიციატივის გატანა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მაინც სცადა.

ოპოზიციის ინტერესი, რომ საკითხის მიმართ სისტემური მიდგომა არ ყოფილა, ამაზე საუბრობს უმრავლესობა. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ პროექტში შეტანილმა კორექტივებმა პროცედურები უფრო დახვეწა. "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიისგან დადებითი შეფასების მოლოდინშია.

დეოლიგარქიზაციის პროექტი პლენარულ სხდომაზე ვენეციის კომისიისგან ახალი რეკომენდაციების მიღების შემდეგ გავა. კანონმდებლობაზე მუშაობა პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. საფუძვლად უკრაინული კანონია აღებული, რომელსაც ევროკომისიისგან დადებითი შეფასება უკვე აქვს. 

დღის ამბები