15 ნოემბერი 2024,   06:17
ვრცლად
რატომ ჩაიშალა პრეზიდენტის ვიზიტი სტრასბურგში - მთავრობა სალომე ზურაბიშვილის ბრალდებებს ოფიციალური დოკუმენტების გამოქვეყნებით პასუხობს

სტრასბურგში ვიზიტის ჩაშლის მიზეზებზე საუბარს პრეზიდენტმა დუმილი არჩია. ირკვევა, რომ მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს სტრასბურგში გამგზავრებაზე თანხმობა ჯერ კიდევ მარტში მისცა, თუმცა, ზურაბიშვილმა 18 აპრილს ევროპარლამენტში დაგეგმილი სიტყვით გამოსვლა გააუქმა, პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას დააკისრა და თქვა, რომ მთავრობამ ნებართვის გაცემის პროცესი გააჭიანურა.

მთავრობის გუშინდელი განცხადების შემდეგ, დღეს პრეზიდენტს ჟურნალისტებთან არც ძველ და არც ახალ არგუმენტებზე უსაუბრია. პრეზიდენტის ბრალდებებს მთავრობის ადმინისტრაციამ მტკიცებულებები დაუპირისპირა. კანცელარიიდან გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ზურაბიშვილის ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. გამოქვეყნებული განკარგულების მიხედვით ირკვევა, რომ მთავრობის მხრიდან პრეზიდენტმა სიტყვიერი თანხმობა, სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 12 მარტს, აშშ-ში ვიზიტის დროს მიიღო.

ვიზიტის გაუქმების მიზეზებზე განმარტებებს პრეზიდენტისგან ოპოზიციაც ელოდება, თუმცა, იქვე ეჭვს გამოთქვამს, რომ მთავრობამ ზურაბიშვილის ვიზიტს ხელოვნური დაბრკოლებები შეუქმნა. მმართველი გუნდი პრეზიდენტს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების ნაცვლად, მის განმტკიცებაზე ზრუნვას ურჩევს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის დელეგაციაში მყოფ ქალ დეპუტატებს, სტრასბურგში გამგზავრება დამოუკიდებლად, პრეზიდენტის გარეშეც შეუძლიათ.

18 აპრილს სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა გუშინ მიიღო. ოფიციალური განცხადება ამის შესახებ მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები