15 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
"ხალხის ძალა" ყოფილ მოსამართლეს კორუფციაში ამხელს - რა საპასუხო არგუმენტები აქვს მამუკა ახვლედიანს

"ხალხის ძალისგან" კრიტიკა შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს, კორუფციის ბრალდება კი საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს ეძღვნება. "ხალხის ძალის" წევრები სანქციების ავტორებს მოუწოდებენ, ახვლედიანის ბიზნეს საქმიანობით და 2016 წლის იმ ჩანაწერით დაინტერესდნენ, სადაც, მათი თქმით, ნიკა გვარამია ყოფილ მოსამართლეს ფინანსურ უზრუნველყოფას ჰპირდებოდა. ამ საუბრიდან 6 თვეში ზურაბ ქადაგიძე ირწმუნება, რომ მამუკა ახვლედიანი იმ მოცულობის ქონებას დაეუფლა, რომელსაც მოსამართლის ხელფასით 40 წლის განმავლობაში ვერ შეიძენდა.

საუბარია შპს "ოლიმპი თბილისი +"ის 66 %-იან წილზე, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით სწორედ ყოფილი მოსამართლის სახელზე ფიქსირდებოდა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, რამდენიმე თვეში ეს ქონება ახვლედიანის ოჯახის წევრების სახელზე გადავიდა.

ბრალდებების ადრესატს მკაფიო პასუხი აქვს. საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე "კურიერთან" განმარტავს სქემას, თუ რა პირობით დაუფინანსა სესხი "პროკრედიტბანკმა" და რა გარიგება არსებობდა მხარეებს შორის.

განმარტებას აკეთებს სკოლა "ოლიმპის" ამჟამინდელი მფლობელი, თბილისის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" მამუკა გუგეშაშვილიც, რომელიც ახვლედიანის ყოფილი სიძის მამაა.

"ხალხის ძალა" არაა ერთადერთი, ვინც ყოფილი მოსამართლის ბიზნეს საქმიანობით ინტერესდება. კითხვებს სვამენ მმართველ პარტიაშიც. რაც შეეხება ოპოზიციას, დეპუტატების ნაწილის აზრით ამ თემის წამოწევა მოსამართლეთა სანქცირებიდან ისრების გადატანის მცდელობაა.

ყოფილი მოსამართლის მიერ სკოლა "ოლიმპის" წილის შეძენასთან დაკავშირებით, ამ დრომდე, საქმე არცერთ საგამოძიებო უწყებაში წარმოებაში არ ყოფილა და არც მომჩივანი მხარე არსებობს. მამუკა ახვლედიანი ყოველგვარ გადაცდომას უარყოფს და ცილისწამებაზე საუბრობს, უმრავლესობის წევრები კი არ გამორიცხავენ, რომ ეს საკითხი მომავალში ახლად შექმნილმა ანტიკორუფციულმა ბიურომ შეისწავლოს.

დღის ამბები