"რეალურად, არავითარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უბრალოდ აღარ არსებობს" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ენმ-ის შიდა დაპირისპირებას.
სარჯველაძის შეფასებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" აღარ არსებობს რესურსი, რომ ყველამ ერთიანად, შეხმატკბილებულად განაგრძონ მუშაობა.
"ის, რაც ამ პარტიამ გადაიტანა რამდენიმე თვის წინ, როდესაც დაპირისპირებული ბანაკები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ და გამოითქმებოდა კიდეც ვარაუდები ჩვენი მხრიდან, რომ შეუძლებელი იყო ამ პარტიას შეხმატკბილებულად, ყველას ერთიანად გაეგრძელებინა მუშაობა, ამ მოვლენებს ვადევნებთ თვალს. როდესაც არის არაჯანსაღი მმართველობა, ბუნებრივია, იქ არის უკმაყოფილების დიდი დოზა, რომელსაც დროთა განმავლობაში ვეღარ ფარავენ. ბოლო პერიოდში რაც გამოჩნდა, რა თქმა უნდა, მანკიერებაა, მაგრამ ეს მანკიერება მუდმივად იყო დამახასიათებელი ამ პარტიისთვის და განსხვავებული იყო მხოლოდ პირები, აქტორები, ვინ, სად რა პოზიციაზე იდგა, სხვა არაფერი სხვაობა არ ყოფილა, ყოველთვის ზუსტად იმავე პრინციპით იმართებოდა ეს პარტია კულუარებიდან. ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, გაიხლიჩება ეს პარტია, თუ შეიძლება ითქვას, რომ მომავალში უნდა ველოდოთ რამეს, თორემ ეს პარტია ახლაც გახლეჩილია და, რეალურად, არავითარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უბრალოდ აღარ არსებობს,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.