15 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
შეიქმნება თუ არა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც სასამართლო სისტემაში სავარაუდო კორუფციის ფაქტებს შეისწავლის - პლენარულ სხდომაზე ოპოზიცია საკითხს დააყენებს 

შეიქმნება თუ არა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც სასამართლო სისტემაში სავარაუდო კორუფციის ფაქტებს შეისწავლის, ეს ხვალ გახდება ცნობილი. პლენარულ სხდომაზე ოპოზიცია ამ საკითხს დააყენებს. ინიციატივის გატანას მინიმუმ 50 ხმა სჭირდება. ოპოზიციას საერთო ჯამში 56 მანდატი აქვს, თუმცა მათი ნაწილი კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ის და მისი გუნდის წევრი, ანა წითლიძე ხვალინდელ სხდომას დაესწრებიან.

"ამბობდნენ რომ ხაბეიშვილია პრობლემა და ანა წითლიძეო. ჩვენ ორი აუცილებლად ვიქნებით და მათ შორის ყველა ჩემი და ჩვენი თანაგუნდელი. ამბობდნენ, რომ ლევან ხაბეიშვილი რომ არ წასულიყო და ანი წითლიძე რომ არ წასულიყო, იმ მივლინებაში, რომელიც ორი კვირით ადრე იყო, დამთავრდებოდა კლანი. აი ხვალ დავამთავროთ ერთად კლანი," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ 52 დეპუტატთან მიმდინარეობს მოლაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი პარლამენტის სხდომას დაესწრონ.  

"52 დეპუტატი არის ოპოზიციიდან პარლამენტში, რომელთანაც იყო კომუნიკაცია. არსებობს რამდენიმე დეპუტატი, რომელთანაც კიდევ მიმდინარეობს მუშაობა და დაზუსტება იმისთვის, რომ სამშაბათს ისინი მოვიდნენ. ვფიქრობ, რომ 52-დან 50-ს შევძლებთ რომ იყოს პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ დასტური არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი ისინი მოვლენ. ეს ყველაფერი იქნება თითოეულ დეპუტატზე პასუხისმგებლობა. ჩვენ ვმუშაობთ ყველასთან იმისთვის, რომ 50 დეპუტატი იყოს დარბაზში და მიაჭიროს მწვანე ღილაკს ხელი," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ რეფორმების ჯგუფის ყველა წევრი სხდომას დაესწრება და მასში მონაწილეობას მიიღებს.

"რეფორმების ჯგუფი იქნება სხდომაზე, მობილიზება არის მაქსიმალური, ყველა რისკი, ორგანიზატორები როგორც ამბობენ, გათვლილია და ძალიან გვინდა, რომ შეიქმნას სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა გამომძიებელი დროებითი საგამოძიებო კომისია. რისკები არის კომისიის შექმნის შემდეგაც, რომ ხელისუფლება შეეცადოს მისი გავლენის ადამიანები გამოიყენოს რაღაც პროცესების ჩასაშლელად, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები